ხელახლა უნდა მოხდეს კონსერვატორული სპექტრის გაერთიანება. ეს არ არის მარტივი საქმე და მე ვთვლი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც ახლა რეალურად აქვს რეიტინგი, ამას ხელს შეუწყობს ახალ საფეხურზე, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კონსერვატორულ ძალებთან გაერთიანება ამ ძალებს „ახალ სისხლს“ მისცემს.
“კონსერვატორული ძალები ჩვენს ირგვლივ იყო გაერთიანებული. ჩვენ ოთხჯერ გავავსეთ თავისუფლების მოედანი. ამის მერე ხელისუფლებამ ჩვენი პარტია მიზანში ამოიღო და უზარმაზარი ბრძოლით ძალიან დაგვასუსტა, მაგრამ ვერ გაგვანადგურა. მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ხელისუფლების წევრი. ღარიბაშვილი ჩვენი მრავალი წლის მეგობარია, მაგრამ, გვესმის, რომ იმ პარტიის თავმჯდომარე იყო... ჩვენ კი ვეუბნებოდით, რომ ის მაინც გაეკეთებინა, რომ სამართლიანობა დაცული ყოფილიყო, მაგრამ ვერ დაიცვა ეს სამართლიანობა ვერც საგარეჯოს არჩევნებში, ვერც მაშინ, როდესაც ქუთაისში საკრებულოს უმრავლესობას გვიშლიდნენ ხელოვნურად, სუს-ის ჩარევით.
ის [ღარიბაშვილი] აღიარებდა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ვერც მაშინ დაიცვა, როდესაც ბორჯომში საკრებულოს გვიშლიდნენ, ვერც მაშინ, როდესაც ჩვენს გავლენიან წევრებს იჭერდნენ, ვიბრძოდით მათ ციხიდან გამოსაშვებად და როცა თავისუფლდებოდნენ, ეს ადამიანები პოლიტიკას ერიდებოდნენ. ჩვენი ტელევიზიიდანაც კი მიჰყავდათ ხალხი, ეუბნებოდნენ, სამჯერ მეტ ხელფასს, სამჯერ მეტ საშუალებებს მოგცემთო, იქ დაგნიშნავთო... ვიცე-მერები არიან სხვადასხვა რაიონში ჩვენგან წაყვანილი ხალხი. ამ პარტიას [„პატრიოტთა ალიანსს“] შლიდნენ და ებრძოდნენ, მაგრამ მაინც ვერ დაშალეს.
ჩვენ ვამბობთ, რომ ხელახლა უნდა მოხდეს კონსერვატორული სპექტრის გაერთიანება. ეს არ არის მარტივი საქმე და მე ვთვლი, რომ ღარიბაშვილი, რომელსაც ახლა რეალურად აქვს რეიტინგი, ამას ხელს შეუწყობს ახალ საფეხურზე. ხალხს რაღაც ახლის დანახვა უნდა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ღარიბაშვილი ან ძლიერი ან უკეთესი ლიდერი იქნება, ვიდრე მაგალითად ირმა ინაშვილი, მაგაზე კი არ არის საუბარი, იმაზეა, რომ ახალი სიტყვაა საჭირო, ახალი სახეც არის საჭირო, ახალი მიდგომა, ახალი ნაბიჯი.
მეორე საკითხია, რომ [ღარიბაშვილის გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსთან“] ახალ სისხლს მისცემს, რომ ოპოზიციური სპექტრი, ვგულისხმობ კონსერვატორებს, კვლავ გაერთიანდეს მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენ და „ქართულ ოცნებას“ ერთი და იგივე ამომრჩეველი გვყავს და მითუმეტეს მაშინ, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად შეირცხვინა თავი, ყველანაირად დისკრედიტირებულია“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.