მე არ ველოდები მასობრივ აქციას. მასობრივი გამოსვლები ყოველთვის ემთხვევა საარჩევნო ციკლს, ამისთვის კი ჯერჯერობით მკვდარი სეზონია, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ხალხი შეიძლება ევროკავშირის მიერ სახელმწიფოების გაწევრიანების ახალი ეტაპის გამოცხადებამ გამოიყვანოს ქუჩაში, რომელთა ჩამონათვალშიც საქართველო არ იქნება, თუმცა იქნება მოლდოვა და უკრაინა.
“მე ძალიან გამიხარდება, რომ ასი ათასობით ადამიანი გამოვიდეს, როგორც 2024 წლის ნოემბერში გამოვიდა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ “ქართული ოცნების” სახელით განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს 2028 წლამდე წყვეტდნენ. მაშინ მართლაც გამოვიდა საზოგადოება არა არჩევნების კონტექსტში, უკვე მინავლებული იყო არჩევნებიდან მიღებული გაბრაზება და უცებ ათმაგად გამოვიდა ხალხი უკვე ევროპული მომავლის დასაცავად.
მე ვერ ვხედავ დღეს მიზეზებს, რომ ეს განმეორებული იყოს, უკვე ორი წელი გავიდა მას შემდეგ. სამაგიეროდ, ჩვენ სულ მალე გავიგებთ, რომ ევროკავშირი გამოაცხადებს ახალ ეტაპს სახელმწიფოების გაწევრიანებისა და საქართველო არ არის ამ ჩამონათვალში, მაგრამ არის ორი სახელმწიფო, რომლებსაც საქართველო უსწრებდა. ესენია მოლდოვა და უკრაინა. როგორც კი მათი გაწევრიანების თარიღი დადგინდება, პირველ რიგში, მივმართავ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, სწორედ იმ დღეს უნდა გამხდარიყო საქართველო ევროკავშირის წევრი და თქვენ, ვინც ხმას აძლევთ „ქართულ ოცნებას“, თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს უსპობთ ევროკავშირის მომავალს.
შეიძლება ამან გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში, რომ კიდევ ერთხელ ათქმევინოს, რომ ჩვენ გვინდა ევროპა და ჩვენ არ გვინდა რუსეთი. მაგრამ მე მაინც არ ველოდები მასობრივ აქციას. მასობრივი გამოსვლები ყოველთვის ემთხვევა საარჩევნო ციკლს, ამისთვის კი ჯერჯერობით მკვდარი სეზონია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მან ასევე „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ სიტუაციაზე, კერძოდ, მოქმედი და ყოფილი პრემიერ-მინისტრების ირაკლი კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ირაკლი კობახიძის პირადი პატიმარია.
ზაქარეიშვილის თქმით, პრემიერს ეგონა, რომ ღარიბაშვილი „მოიცილა“, მაგრამ მამუკა მდინარაძის „მატრაკვეცობამ“ ყოფილი პრემიერის რეანიმაცია განაპირობა. ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ღარიბაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს.
„დღეს ირაკლი ღარიბაშვილი, რაც არ უნდა ბევრისთვის მიუღებელი იყოს ეს, ირაკლი კობახიძის პატიმარი უფროა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის იმიტომ, რომ ივანიშვილის საქართველოში არ ჰყავს მეტოქე, მეტოქე ჰყავს რუსეთში ანუ რუსეთს შეუძლია მისი მოცილება.
ჯერჯერობით, ქვეყნის შიგნით ივანიშვილს არაფერი ემუქრება, ვიდრე უკრაინაში ომი არ დამთავრდება, მერე შეიძლება ახალი კონტექსტი და ნიუანსები გამოჩნდეს. ამიტომ,ღარიბაშვილი კობახიძის მეტოქე უფრო არის და კობახიძემ ბევრი იმუშავა, რათა დაემტკიცებინა ივანიშვილისთვის, რომ ღარიბაშვილი იყო კორუმპირებული ისევე, როგორც ლილუაშვილი და მთელი ეს გუნდი. ამით მოიცილა სერიოზული მეტოქე, ყოველ შემთხვევაში, ას ეგონა, რომ მოიცილა, მაგრამ მერე მდინარაძის ზედმეტმა მატრაკვეცობამ და ტრიპაჩობამ მოიტანა ის, რომ ღარიბაშვილის რეანიმაცია მოხდა.
კობახიძის კონტექსტიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ღარიბაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.