დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონი აცხადებს, რომ დღეს საქართველოს ადგილი უკრაინის გვერდითაა.
მისი თქმით, როცა უკრაინის ქალაქებს ბომბები ეცემა, სოლიდარობა ურყევი უნდა იყოს, რაც ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია.
კერძოდ, მთავარეპისკოპოსი ეხმაურება საქართველო-უკრაინის საფეხბურთო მატჩის მიმდინარეობისას უკრაინელი გულშემატკივრის მიერ სტადიონზე გაშლილ ბანერს, რომელზეც ეწერა: "სოხუმი საქართველოა".
ვრცელ განცხადებაში მეუფე ზენონი საუბრობს უკრაინელების მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე სოხუმის დაცემის პერიოდში.
მეუფე ზენონის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"თითქმის ყველამ ნახა, როგორ გაშალეს უკრაინელმა გულშემატკივრებმა ბანერი:
„SOKHUMI IS SAKARTVELO
7634 LIVES SAVED BY UKRAINE
WE REMEMBER!"
1993 წლის შემოდგომაზე, სოხუმის დაცემისთანავე, უკრაინამ ჩვენს გასაჭირს უპასუხა. გემებით სოხუმიდან გაიყვანეს დაჭრილები და დევნილები, სამხედრო მფრინავებმა კი სიცოცხლის საფრთხის ფასად, ხშირად ცეცხლის ქვეშ, სვანეთის თოვლიან უღელტეხილებზე დარჩენილი ბავშვები, დედები, მოხუცები და ოჯახები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ისინი მთებში სიკვდილს გაურბოდნენ. ბევრი ჩვენი თანამემამულე დღესაც ცოცხალია მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დღეებში უკრაინამ ისინი სიკვდილს გამოსტაცა.
10–14 ოქტომბერს 17 უკრაინულმა ვერტმფრენმა 291 გაფრენა შეასრულა და 7 643 ადამიანი უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. მათ ასევე 487 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანეს.
სოხუმის დაცემის 33 წლისთავის მეორე დღეს, უკრაინელები ამ ისტორიას ფეხბურთის მოედანზე გვახსენებენ. თავად, უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება.
რვა საუკუნის წინ, შოთა რუსთაველმა კაცობრიობის ჰუმანურ და ზნეობრივ მეხსიერებას დაუტოვა სიტყვები: „ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი". „არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა".
ჩვენი სასიქადულო პოეტი დავით გურამიშვილი დღესაც უკრაინის მიწაში, მირგოროდში განისვენებს. მისი დაკარგული საფლავი თავად უკრაინელმა მწერლებმა მოძებნეს და სახილველი გახადეს. დღეს იქ ყვავილები არასდროს ილევა, თითქოს უკრაინა პასუხობს მისი საფლავის ეპიტაფიას: „ახლა მობრძანდი, მნახველო, მნახე, მისად სანუფქოდ სად დავიმარხე!"
როცა უკრაინის ქალაქებს ბომბები ეცემა და უკრაინელი ხალხი უსამართლო ომის სიმძიმეს უძლებს, გვაქვს კი უფლება, დავივიწყოთ ის ხელი, რომელმაც ერთ დროს ჩვენი ხალხი სიკვდილს გადაარჩინა? დღეს ჩვენი ადგილი უკრაინის გვერდითაა. ჩვენი სოლიდარობა ურყევი უნდა იყოს. ეს ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია" , - წერს ზენონ იარაჯული.