მარკო რუბიო - გაერთიანებულ სამეფოში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში უცხოური აქტორი მონაწილეობდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში მდებარე ავიაბაზა RAF Fairford-თან მომხდარ ინციდენტში უცხოური აქტორი იყო ჩართული და ამ საკითხზე კიდევ ბევრი ინფორმაცია გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ბევრი ადამიანია შეშფოთებული იმ ფაქტის გამო, რომ ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი ხუთი დაკავებული პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

“ის, რაც მოხდა, რაც თითქმის მოხდა და რაც შეიძლებოდა მომხდარიყო დიდ ბრიტანეთში გასულ შაბათ-კვირას, ძალიან სერიოზული ვითარებაა. ეს არის შემთხვევა, რომელშიც აშკარად იკვეთება უცხოური აქტორის ხელი. ამაზე დეტალურად ჯერ არ ვისაუბრებ. მინდა მადლობა გადავუხადო გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებას, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს და სიტუაციას სრულად აკონტროლებს. ვიცი, რომ ბევრს აღელვებს ინფორმაცია ზოგიერთი მათგანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. ამ პირთა ნაწილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს. ცხადია, ჩვენ მათთან ამ საკითხებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, მსოფლიოში არსებობენ ძალები, რომლებიც ღიად იმუქრებიან, რომ თავს დაესხმიან ამერიკულ ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„ვფიქრობ, ეს გვაკავშირებს არსებულ რეალობასთან - კერძოდ, იმასთან, რომ ჩვენ საქმე გვაქვს მსოფლიოში მოქმედ ელემენტებთან, რომლებიც, მაგალითად, ირანის შემთხვევაში, ღიად იმუქრებიან, რომ თავს დაესხმიან ამერიკულ ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ ამას ყოველთვის უდიდესი სერიოზულობით მოვეკიდებით. მსგავსი ქმედების განხორციელების ან თუნდაც მცდელობის შემთხვევაში, ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება. რაც გასულ შაბათ-კვირას მოხდა, ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა; მინდა მადლობა გადავუხადო დიდ ბრიტანეთს თანამშრომლობისა და დახმარებისთვის. მომდევნო დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ბევრი ინფორმაცია გავრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საქმე ძალიან სერიოზულ ინციდენტს ეხებოდა და მასზე სათანადო რეაგირება მოხდა“, - აღნიშნა რუბიომ.

ცნობისთვის გაერთიანებულ სამეფოში ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ეჭვმიტანილი ხუთი პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. კონტრტერორისტულმა პოლიციამ განაცხადა, რომ სამართალდამცველები „გამოძიების რამდენიმე მიმართულებას“ განიხილავენ, მათ შორის იმასაც, იყვნენ თუ არა ჩართულები პროქსი-ჯგუფები ან უცხო სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირები. ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება, ხოლო მათი გათავისუფლება „მათი გადაადგილებისა და სხვებთან კონტაქტის კუთხით დაწესებულ მკაცრ პირობებს“ ექვემდებარება. პოლიციის ცნობით, ხუთივე ეჭვმიტანილი ბრიტანეთის 20-25 წლის მოქალაქეები არიან. შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ კვირას ხუთი მამაკაცი დააკავა ასაფეთქებელ ნივთიერებებთან და ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულების ჩადენის ეჭვის საფუძველზე, ავიაბაზასთან ახლოს, რომელსაც აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად იყენებდა. დაკავებები მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ ინფორმაცია მიიღო, რომ RAF Fairford-კენ სამი ფურგონი მიემართებოდა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო