„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, გელა ხასაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრმა, გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

გელა ხასაიას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ახლობლები და თანაპარტიელები დახვდნენ.

მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც დაპატიმრებამდე აკეთებდა.

„[2025 წლის] 30 სექტემბერს დამაკავეს, 30 სექტემბრამდე რასაც ვაკეთებდი იმას გავაგრძელებ დღეიდან. არაფრის შეცვლას, არაფრის კორექტირებას არ ვაპირებ. მიუხედავად იმისა, რომ პირობითი მსჯავრი მაქვს და ნებისმიერ რამეზე შეუძლიათ ისევ შემაბრუნონ... ჩემს თავში იმდენად მნიშვნელოვანი რამ არის, ის, რასაც ვაკეთებ, ამის გამო არ ვაპირებ ან ქვეყნიდან წავიდე ან სახლში დავიმალო ან სხვა საქმე მოვძებნო. ეს არის ის ორგანული რამ, რაც მგონია, რომ სწორია და ყველამ უნდა ვაკეთოთ, ამიტომ, იმავეს გავაკეთებ“, - განაცხადა გელა ხასიამ.

ცნობისთვის, პროკურატურა გელა ხასაიას ედავებოდა, რომ მან 2025 წლის 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე ვასილ ქერდიყოშვილთან ერთად, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენა დაზარალებულს - რამაზ ჩადუნელს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოგვიანებით კი „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ გელა ხასაიასა და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ ორივე პირი დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა. ორივე პირს საპროცესო შეთანხმება შემდეგი პირობით გაუფორმდა: 1 წელი რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი მსჯავრი. აღნიშნული ვადა დღეს, 29 სექტემბერს იწურება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო