ნორვეგია 25 მილიონ ნორვეგიულ კრონას (2.3 მილიონი ევრო) გამოყოფს რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების მოძიებისა და დაბრუნების მხარდასაჭერად, ასევე სამხედრო ტყვეებისა და თავისუფლებააღკვეთილი მშვიდობიანი მოქალაქეების დასახმარებლად, - ინფორმაციას უკრაინული მედია ნორვეგიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თანხები გაეროს ბავშვთა ფონდისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით გადაირიცხება.
ნორვეგიის მთავრობაში განმარტავენ, რომ ეს თანხები განკუთვნილია დაკარგული პირების ძებნის, მეტი ადამიანის სახლში დაბრუნების და ომის შედეგად დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მხარდასაჭერად.
15 მილიონი კრონა გამოიყოფა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მუშაობის დასაფინანსებლად, რომელიც უკრაინაში დაბრუნებული დეპორტირებული ბავშვების რეინტეგრაციასა და დაკარგული ბავშვების მოძიებას ემსახურება. ეს არის უკრაინაში UNICEF-ის ჰუმანიტარულ პროგრამაში 132 მილიონი კრონის ოდენობის უფრო დიდი, ახალი შენატანის ნაწილი.
კიდევ 10 მილიონი კრონა გამოიყოფა წითელი ჯვრის კომიტეტის ცენტრალური სამძებრო სააგენტოსთვის. სააგენტოს მიზანია, თავიდან აიცილოს ადამიანების გაუჩინარება და შეუმსუბუქოს მდგომარეობა იმ ოჯახებს, რომლებიც თავიანთი ახლობლების შესახებ ინფორმაციას ვერ იღებენ.
ამავდროულად, ნორვეგია ტორონტოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის თანაორგანიზატორია, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას ეძღვნება.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიულმა ომმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები გამოიწვია. უნდა გავაგრძელოთ ამაზე ყურადღების მიპყრობა და ვეცადოთ, რომ დახმარება გავუწიოთ ომით დაზარალებულ უკრაინელებს”, - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ესპენ ბარტ ეიდემ.