„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, რიყის პარკში, 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღეს, თუმცა ამის მიუხედავად, 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე რიყის დოქებთან მაინც შეიკრიბებიან.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1-ელ ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან ხუთი წლის თავზე, აქცია რომ ჩატარდეს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით. თურმე რიყის პარკში აქციის ჩატარება არ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, თუ ამის ნება არ ექნება შსს - სა და მერიას. ეს მითითება, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არაკანონიერი გახლავთ. შეუძლებელია, რომ საჯარო სივრცეებში, თუნდაც პარკებსა და სკვერებში, გადაადგილების უფლება ეზღუდებოდეთ ადამიანებს, იმის გამო, რომ ივანიშვილს დღემდე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილის ეშინია; იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმს დღემდე ყველაზე მეტად ეშინია „ნაციონალური მოძრაობის“. კარგად იციან, რომ აღმშენებლობის 9-წლიანი პერიოდი აუცილებლად გაგრძელდება ამ ქვეყანაში და შეწყდება ნგრევის 14 წელი. კარგად იციან ის როლი, რომელსაც ითამაშებს მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ქართველ ხალხთან ერთად, ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას - რაც არ უნდა ტექნიკური დაბრკოლება შეგვიქმნან, აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, რომელიც იქცა საქართველოს გაპარტახებისა და გაძარცვის სიმბოლოდ. აუცილებლად მივალთ რიყის დოქებთან, აუცილებლად შევიკრიბებით 1-ელ ოქტომბერს 17:00 საათზე“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.