„ქართული ოცნების“ მიერ ქონების გადასახადთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება, რომელთა შემოსავალი 40 000-დან 100 000 ლარამდეა და რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი 2025 წელს 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა.
პარლამენტი დაჩქარებული წესით „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს, რომლის საფუძველზეც ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი - 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. შესაბამისად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 40 000-დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან სრულად გათავისუფლდებიან.
კანონპროექტი ძალაში გამოქვეყნებისთანავე შედის და მისი მოქმედება გავრცელდება ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირების ვალდებულება ფიზიკურ პირს წარმოეშობა არაუგვიანეს 2026 წლის 1 ნოემბრისა, 2025 წლის მონაცემების მიხედვით და შემდგომ საგადასახადო პერიოდებზე.
როგორც პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განმარტა, ქონების გადასახადი სრულად ადგილობრივ ბიუჯეტებში მიიმართება. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემების მიხედვით კი, 40 000-იდან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირების გათავისუფლების შედეგად მიღებული დანაკარგი 2026 და შემდგომი სამი წლისთვის ჯამში ყველა მუნიციპალიტეტისთვის წლიურად საშუალოდ 22.3 მილიონ ლარს შეადგენს.
„საგადასახადო კოდექსის“ მოქმედი რეგულაციის მიხედვით, 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული არიან. 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის - 0.08 პროცენტიდან 1 პროცენტამდე. პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, 40 000 ლარიანი შემოსავლის ზღვარი უქმდება და 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი წესდება.
საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის გადამხდელია მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - მათ შორის დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე, ასევე მოძრავ ქონებაზე, მათ შორის იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და მსუბუქ ავტომობილებზე, ასევე არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონებაზე.
ფიზიკური პირისთვის ქონების გადასახადის ვალდებულების წარმოშობისა და საგადასახადო ვალდებულების მოცულობის განსაზღვრის პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება როგორც თავად ფიზიკური პირის, ისე მისი ოჯახის წევრების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად მიღებული შემოსავლების ოდენობას.