წარმოდგენა არ მაქვს IRI-ის კვლევაზე, თვალით არ მაქვს ნანახი - იმ ხალხის გალაშქრება „ლელოს“ წინააღმდეგ, რომელიც სხვადასხვა დროს, ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს, მხოლოდ იმის ნიშანია, რომ პოლიტიკურ ველზე ჩვენი რეალური პოზიციონირება, როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „IRI-ს კვლევით, „ქოცებს“ 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლები, „ლელო“ კი საერთოდ არ იზომება“, ამავე დროს კი გამოეხმაურა ამ ინფორმაციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ „ლელოს“ მისამართით დაფიქსირებულ შემდეგ პოზიციას: „რეჟიმის “არჩევნებში” მონაწილეობა და ტელემედიის კონტროლი „ლელოს“ გაქრობად დაუჯდა“.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის საინტერესო არაა, რას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებიან.
„წარმოდგენა არ მაქვს ამ კვლევაზე, თვალით არ მაქვს ნანახი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მართლა ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ არ ვიცი ეს კვლევა ვინ ჩაატარა, როდის ჩატარდა, სად, ვინ არიან კვლევის ავტორები.
იმ ხალხის გალაშქრება „ლელოს“ წინააღმდეგ, რომელიც სხვადასხვა დროს ბიძინას დავალებებს ასრულებს და ბიძინას დავალებით ოპოზიციის დაზიანებას ცდილობს, ჩემთვის მხოლოდ იმის ნიშანია, რომ პოლიტიკურ ველზე ჩვენი რეალური პოზიციონირება, როგორც ჩანს, არის საკმაოდ ძლიერი. ამიტომ რას ამბობს ეგ ხალხი, რომლებიც პირდაპირ ბიძინას ინტერესებს ემსახურებიან, ჩემთვის საინტერესო არაა, იმიტომ რომ, ბიძინა ივანიშვილი რომ ლაპარაკობდეს, იგივე იქნებოდა. ძალიან კარგად ჩანს, რომ აბსოლუტურად დაკარგულია ყველანაირი ნდობა იმ პოლიტიკური პარტიებსა, რომლებიც უკვე ძალიან ღიად არიან შემჩნეული ბიძინა ივანიშვილის დავალებების შესრულებაში.
თამარ ჩერგოლეიშვილს ოპოზიციური პარტიაც ჰქონდა, ტელევიზიაც და ყველანაირი ასპარეზი ოპოზიციური ბრძოლისთვის და დღეს არც ერთი აღარ აქვს. ალბათ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რატომ არის ამ მდგომარეობაში და რა არის ამის მიზეზები. რაც შეეხება ჩვენს ბრძოლას - ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოებაში ივანიშვილის რეჟიმით უკმაყოფილება სულ ფურო იზრდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, მან გადაცემაში ისაუბრა საქართველოში არაბული ინვესტიციების საკითხზე „ლელოს“ კრიტიკულ პოზიციაზე და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ამ პოზიციის „ქსენოფობიად“ შეფასებაზე. ასევე, სამადაშვილმა უპასუხა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ „ლელოს“ „ქსენოფობიურ განცხადებებზე“ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს „ალდემ“, რომლის ევროპული პოლიტიკური ჯგუფის წევრიც ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაა.
მისივე თქმით, შალვა პაპუაშვილის გამოწვევა ის კი არაა, „ალდე“ როგორ აფასებს რამეს, არამედ ის, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი ხედავს ჩვენს ქვეყანაში, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელიც ქართველების ინტერესებს არ ემსახურება.
„პაპუაშვილი მართლა ჯამბაზი გახდა. მეცინება იმიტომ რომ, როგორ შეიძლება არ გაგეცინოს. დაელოდე შალვა, დიდხანს მოგიწევს დალოდება, რომ „ალდე“ გაემიჯნოს რომელიმე დემოკრატიულ პარტიას, „ლელო“ იქნება ეს, თუ სხვა. ერთადერთი, ვინც არის გამიჯნული, სრულ იზოლაციაში და ვისაც ევროპაში არავინ ეკარება, როგორც კეთროვანს, ეს არის სწორედ „ქართული ოცნება“. ძალიან საცოდაობა და სასაცილო საყურებელი იყო დელეგაცია, რომელიც ბელგიასა და ლუქსემბურგში ჩავიდა. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო, რომ არცერთი ადამიანი არ გამოჩნდა არც ბელგიაში და არც ლუქსემბურგში, ვინც რამე განცხადებას გააკეთებდა ამ შეხვედრებზე. მერე ვნახეთ რომ სასაცილო ხალხი - პაპუაშვილი და მისი ქვეშევრდომები დაეწყვნენ და თვითონვე აკეთებდნენ განცხადებებს. მოკლედ, თვითონ რომ ცეკვავს და თვითონ რომ მღერის ამ ვითარებაში იყვნენ, იმიტომ რომ კაციშვილი არ გამოჩნდა პოზიტიური შეფასების მიმცემი,“ - განაცხადა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, სადაც მუსიკოს ალექსანდრე კორძაიასა და ევროკავშირზე საუბრობს - სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ „შალვა პაპუაშვილი განსაკუთრებულად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა“.
მისი თქმით, ევროკავშირის განცხადება, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით გაავრცელა, არ იყო საკმარისად მკვეთრი და „ალბათ, ეს გაკვეთილი უნდა იყოს, მათ შორის, დასავლური საელჩოების წარმომადგენლებისთვის“.
„პაპუაშვილი განსაკუთრებულად ოდიოზურ ფიგურად ჩამოყალიბდა. მე ვიტყოდი, ცოტა კომიკურადაც. ძალიან სამწუხაროა, რომ მან კიდევ ერთხელ დემონსტრირება გაუკეთა იმას, რომ აბსოლუტური უვიცია და მზადაა ილაპარაკოს ყველანაირი სისულელე იმისთვის რომ რუსულ ინტერესებს ემსახუროს. მაგალითად, თქვას ისეთი სისულელეები, რომელიც არის აბსოლუტურ აცდენაში გამოხატვის თავისუფლების. თავისთავად ნონსენსია, აბსოლუტური სისულელეა ყველა ეს გამოსვლა მუსიკოს კორძაიას შემოქმედებასთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირის განცხადება, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით გაავრცელა, არ იყო საკმარისად მკვეთრი. მე ბევრად მკვეთრ განცხადებას გავაკეთებდი ევროკავშირის ადგილზე ამ სამარცხვინო რუსული ხელისუფლების საპასუხოდ. ალბათ, ეს გაკვეთილი უნდა იყოს, მათ შორის, ჩვენი კოლეგებისთვის, დასავლური საელჩოების წარმომადგენლებისთვის, რომ რაც უფრო დიპლომატიურ ენაზე პასუხობ სრულიად ველურ დაჯგუფებას, რომელსაც ივანიშვილი ხელმძღვანელობს, მით უფრო მეტს გაბედავენ ისინი და ბევრად უფრო მკაცრი რეაგირება იქნება უკეთესი,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
გარდა ამისა, მან გადაცემაში ევროკავშირთან დიალოგის აღდგენასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას რეალურად რომ სურდეს დიალოგი, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებდა.
სამადაშვილი ამბობს, რომ პრობლემებს გადაჭრის კონკრეტული მოქმედება და „ვერანაირ მოქმედებას ვერ ვხედავთ, გარდა იმისა, რომელიც მიმართულია ევროკავშირის დღის წესრიგის საპირისპიროდ“.
„ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის რუსული ანალოგიით. ეს არ არის ქართული პოლიტიკური ძალა, ეს არის პირდაპირ რუსეთიდან მართული პოლიტიკური დაჯგუფება. როდესაც ისინი საუბრობენ დიალოგზე, აქაც არის აბსოლუტურად ანალოგია რუსეთის დამოკიდებულების. მე პირადად, ეს მახსენებს პუტინის განცხადებას, რომ ის მზადაა ესაუბროს უკრაინას ომის დასრულებაზე, ოღონდ ამის პარალელურად აგრძელებს ომს. ერთი წამით რომ დავუშვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად უნდოდეს დიალოგი, ძალიან მარტივია, დაიწყოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც იქნება დემონსტრაცია ბრიუსელისთვის და ევროკავშირის დედაქალაქებისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ევროკავშირის მოთხოვნების რაღაცა ნაწილი მაინც შეასრულოს. ჩვენ ვხედავთ რომ ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. რეპრესიული კანონმდებლობა დამძიმდა, ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის აპატიმრებენ, ციხეები პოლიტპატიმრებით გაავსეს, ყოველ დღე საუბრობენ სისულელეებს, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა აკრძალონ, საქმე აღძრეს უკლებლივ ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. ვის ატყუებს ივანიშვილი?! ამ ხელისუფლებას ვინ ჰგონია ასეთ იდიოტად. რომ ამ ყველაფრის ფონზე, ვინმემ შეიძლება დაიჯეროს, რომ ამ ხელისუფლებას აქვს რაიმე გულწრფელი სურვილი, პრობლემები დაარეგულიროს დასავლეთის ქვეყნებთან, მით უმეტეს, ევროკავშირთან,“ - განაცხადა სამადაშვილმა.