მსგავსი კვლევები ასეთი რეპრესიული პოლიტიკის პირობებში არ გამოხატავენ ხოლმე საბოლოოდ იმას, რა ხდება. ამ ორგანიზაციის მიმართ ჩვენ აბსოლუტურად დადებითი დამოკიდებულება გვაქვს, უბრალოდ რეპრესიული გარემოს ფონზე, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა, ბევრი ადამიანი იტყუება და ამბობს, რომ სხვას უჭერს მხარს, თუმცა საბოლოო ჯამში, ველოდები IRI-ს ოფიციალურ გაცხადებას - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „IRI-ს კვლევით, „ქოცებს“ 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლები, „ლელო“ კი საერთოდ არ იზომება“.
მისივე თქმით, ჯერ ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს კვლევის შედეგები, თუმცა ისინი მაინც ვერ ასახავენ რეალურ შედეგს, რადგან „ძალიან რთულია ამ რეჟიმის პირობებში ადამიანებს მოსთხოვო თავისი გულწრფელი აზრის დაფიქსირება“.
„ამ კვლევის შედეგები ჩვენ არ დაგვიმალავს, რადგან მის შესახებ ინფორმაცია არც გვქონია. ჯერ ოფიციალურად უნდა გამოქვეყნდეს IRI-ს კვლევა. რაც შეეხება კვლევის შედეგებს, ჩვენ არაერთხელ გვახსოვს კვლევები, რომლებშიც შესაძლოა რაღაც დინამიკები ჩანდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, გაყალბებულ არჩევნებშიც კი აბსოლუტურად, კარდინალურად განსხვავებული შედეგები იდებოდა. ამიტომ როდესაც ასეთ კვლევებზე ვსაუბრობთ ის სრულ სურათს ვერ აჩვენებს. რაც შეეხება გამოკითხვის ფორმატებს, ძალიან რთულია ამ რეჟიმის პირობებში ადამიანებს თავისი გულწრფელი აზრის დაფიქსირება მოსთხოვო, ამიტომაც საბოლოო ჯამში თავისუფალ არჩევნებში გამოჩნდება რას ფიქრობს ქართველი ხალხი. „ქართული ოცნება” ისტორიულ მაქსიმუმზე ვერანაირად ვერ იქნება, თავისი პოლიტიკის წყალობით, რადგან გარშემო ყველა გაანაწყენეს. მსგავსი კვლევები ასეთი რეპრესიული პოლიტიკის პირობებში არ გამოხატავენ ხოლმე საბოლოოდ იმას, რაც რეალურად ხდება. ასეთ პირობებში ისეთი ადამიანები გამოხატავენ აზრს ვინც ბიძინა ივანიშვილს უჭერს მხარს და არ ეშინიათ ან საჯარო სამსახურში არიან ისინი ცვლიან ხოლმე საკუთარ პოზიციას და შიშის გამო ვერ ამბობენ ვის უჭერენ მხარს. ამ ორგანიზაციის მიმართ ჩვენ აბსოლუტურად დადებითი დამოკიდებულება გვაქვს, უბრალოდ რეპრესიული გარემოს ფონზე, რომელიც კიდევ უფრო დამძიმდა, ბევრი ადამიანი იტყუება და ამბობს, რომ სხვას უჭერს მხარს, თუმცა საბოლოო ჯამში მე IRI - ს ოფიციალურ პოზიციას ველოდები, რადგან ჩვენ ამ კვლევის შესახებ საჯარო წყაროებიდან გავიგეთ”, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება სლაიდი, რომელზეც IRI-ის კვლევის შედეგებია ასახული. სლაიდის მიხედვით „ქართულ ოცნებას“ 36 პროცენტი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%, 2%-იანი მხარდაჭერა აქვთ - „გირჩს" ["თავისუფალი ხალხის პარტია"], "ლეიბორისტულ პარტიას", „საქართველოსთვის“ და პარტია „ახალს“. 1%-იანი მხარდაჭერა აქვთ პარტიებს- "ხალხისთვის" [ანა დოლიძის პარტია], "გირჩი-მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელს" და "ხალხის ძალას". სლაიდზე წარმოდგენილი არ არის პარტიები - "ლელო-ძლიერი საქართველო" და "ფედერალისტები".