ევროკავშირის ხუთი ქვეყანა, საბერძნეთის ხელმძღვანელობით, ლობირებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს იმ მიგრანტების ბლოკის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნებში გადაყვანას, რომლებმაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფრის მიღებაზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, - ინფორმაციას Politico ავრცელებს.
საბერძნეთის მინისტრმა მიგრაციის საკითხებში, თანოს პლევრისმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნების ე.წ. ძირითადი ჯგუფი - დანია, ავსტრია, საბერძნეთი, გერმანია და ნიდერლანდები - 2027 წლის პირველი ნახევრისთვის გეგმავს საპილოტე პროექტის ამოქმედებას, რომელიც თავშესაფრის მიღებაზე უარყოფითი პასუხის მქონე პირების ბლოკის ფარგლებს გარეთ მდებარე სპეციალურად შერჩეულ ქვეყნებში გადაყვანას ითვალისწინებს.
მისი განმარტებით, პროექტი სრული დატვირთვით წლის მეორე ნახევარში უნდა ამოქმედდეს, რაც დაემთხვევა ივლისში საბერძნეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის როტაციული წესით გადაბარებას.
პლევრისმა ხაზი გაუსვა, რომ გეგმა არ ითვალისწინებს დაბრუნებისთვის განკუთვნილი სპეციალური დაწესებულებების შექმნას, არამედ განსაზღვრავს იმ ქვეყნებს, სადაც შესაძლებელია მიგრანტების დაბრუნება.
„საუბარი არ არის ისეთ ცენტრებზე, სადაც თავშესაფრის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ პირს მესამე ქვეყანაში მდებარე დახურულ დაწესებულებაში აგზავნიან. თუ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი გეთქვათ, მშობლიურ ქვეყანაში, ან ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მდებარე მესამე ქვეყანაში დაგაბრუნებენ”, - აღნიშნა მინისტრმა.
ორმა ევროკავშირელმა დიპლომატმა Politico-ს განუცხადა, რომ პირველი შეთანხმება რუანდასთან გაფორმდება. გავრცელებული ცნობებით, ასევე განიხილება უგანდა და უზბეკეთი.
პლევრისმა აღნიშნა, რომ ქვეყნებში, რომლებზეც მსჯელობა მიმდინარეობს, უკვე არსებობს მიგრანტთა დიდი რაოდენობა და მათი განთავსებისთვის საჭირო ბანაკები. მისივე თქმით, „ძირითადი ჯგუფის“ ქვეყნები მზად არიან, მიიღონ ნებისმიერი ფორმატი, რომელსაც თავად ეს ქვეყნები აირჩევენ - იქნება ეს ბანაკების საკითხი თუ ინტეგრაციის უფრო ფართო პროგრამები.
გეგმის დაფინანსება „ძირითადი ჯგუფის“ მიერ უნდა განხორციელდეს.
„გვსურს, პროექტი ფინანსურად რეალისტური იყოს“, - განაცხადა პლევრისმა და დასძინა, რომ ჯგუფის წევრებს სურთ, პროცესში საბოლოოდ კომისიამაც აქტიური როლი შეასრულოს.
მინისტრის განმარტებით, ეს გეგმა არ გამოიწვევს მიგრანტთა დიდი რაოდენობის მესამე ქვეყნებში გადაყვანას.
„სინამდვილეში, ეს ზეწოლის კიდევ ერთი საშუალებაა, რომელმაც შესაძლოა ნებაყოფლობითი დაბრუნების მაჩვენებელი გაზარდოს. ეს უპრეცედენტო წამოწყებაა. მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სხვა ქვეყნებს მსგავსი რამ უცდიათ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი ნაბიჯი ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციის მიღების შემდეგ იდგმება“, - აღნიშნა საბერძნეთის მიგრაციის მინისტრმა.