ამ ქვეყანაში ასაკრძალი თუ ვინმეა, ეს პირველ რიგში „ოცნებაა“, რომელმაც ქართველ ხალხს კონსტიტუცია თავზე გადაახია - კარგად დაიმახსოვრეთ, [პარტიების აკრძალვის შესახებ] სარჩელი გახდება მტკიცებულება „ოცნების“ წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, 88-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა ქვეყანაში განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას და ეს ხელმოწერები ისტორიას დარჩება.
„კითხვით მინდა დავიწყო ჩემი გამოსვლა. ეს თქვენი სარჩელი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი პარტია დაამატეთ და სადაც არანაირი სამართლებრივი არგუმენტები არ წერია შიგნით ჩვენს წინააღმდეგ და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება, გულწრფელად მაინტერესებს, ეს სარჩელი თქვენ წაკითხული გაქვთ? ჩვენი ამ სარჩელში შეყვანით თქვენ ქვეყანაში განსხვავებული აზრი არაკონსტიტუციურად გამოაცხადეთ და გეკითხებით, თქვენ თვითონ ეს სარჩელი წაკითხული გაქვთ? იმიტომ, რომ ამ სარჩელზე თქვენი ხელმოწერები, 88 დეპუტატის, რომელიც ქვეყანაში განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აწერს ხელს და ხომ ხვდებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს თქვენი ხელმოწერები დარჩება ისტორიას, 88 ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში მხოლოდ 1 პარტიის არსებობას, განსხვავებული აზრის არაკონსტიტუციურობას და დიქტატურას აწერს ხელს. ამ სარჩელის ავტორი, ვინც ეს დაწერა, პასუხისმგებლობას გაუძვრება, მაგრამ ეს ხელმოწერები ვერ გაქრება. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თქვენ ხართ 88 დეპუტატი, რომელმაც ქვეყანაში პარტიების და განსხვავებული აზრის აკრძალვას ხელი მოაწერეთ. და ყველაზე სასაცილო იცით რა არის? „ნაცობას“ გვაბრალებთ და სარჩელის ხელმომწერების ნახევარზე მეტი ყოფილი „ნაცია“, მაგრამ კიდევ უფრო კომიკური ისაა, რომ ეს სარჩელი მურუსიძის სასამართლოში მიგაქვთ.
თქვენ არ ხართ პოლიტიკური გუნდი, რომელსაც უბრალოდ განსხვავებული ხედვები და მოსაზრებები გააჩნია პოლიტიკაში. თქვენ ხართ ერთი ადამიანის მიერ მართული დეპუტატები, რომლის ხელმოწერებითაც ქვეყანაში განსხვავებული აზრი იკრძალება და დიქტატურა ფორმდება და როგორც ვხვდები, თქვენ ეს ჯერ გააზრებული არ გაქვთ, რადგან ახლა გაკვირდებით და ვხედავ, რომ ეს სარჩელი, რაზეც ხელი გაქვთ მოწერილი, წაკითხული არ გაქვთ.
დაიმახსოვრეთ, კარგად: ეს სარჩელი გახდება მტკიცებულება „ოცნების“ წინააღმდეგ.
ამ ქვეყანაში ასაკრძალი თუ ვინმეა, ეს პირველ რიგში „ოცნებაა“, რომელმაც ქართველ ხალხს ქვეყნის უმაღლესი კანონი – საქართველოს კონსტიტუცია თავზე გადაახია, გავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოდან, და ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის, როგორც ეს კონსტიტუციის 78-ე მუხლითაა დადგენილი, პირიქით მოიქცა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა გაუქმებამდე მიიყვანა, ქვეყანას სტრატეგიული როლი დაუკარგა, კორუფციის და ძალადობის ჭაობში ჩაეფლო, ქართულ ჯარს, ბავშვებსა და უპოვრებს ფული მოჰპარა და დღეს თქვენი ხელით, ქვეყანაში პარტიებს და განსხვავებულ აზრს კრძალავს და დიქტატურას აფორმებს,“ - განაცხადა შარაშიძემ.