ქეთევან ბაკარაძე - ძალიან მიკვირს, რატომ ჩაუვარდა IRI-ის კვლევა ალექსანდრე რაქვიაშვილს, რომელსაც კომუნიკაცია აქვს ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან - მე ბევრი კითხვა გამიჩნდა კვლევის ავთენტურობაზე და დარწმუნებული ვარ, მოსახლეობაც არ შევა შეცდომაში

მე პირადად ძალიან მიკვირს, რატომ ჩაუვარდა IRI-ის კვლევა ისეთ პოლიტიკოსს, ალექსანდრე რაქვიაშვილს, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ აქვს ხოლმე კომუნიკაციები ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან - მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, იმდენად ბევრი კითხვა გამიჩნდა ამ კვლევის შედეგების ავთენტურობაზე, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობაც შეცდომაში არ შევა, - ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ქეთევან ბაკარაძე „თავისუფალი ხალხის პარტიის“ წევრის, დავით რაქვიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, IRI-ის კვლევით, „მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს“ მოსახლეობის 36%, „ქართულ ოცნებას“, ხოლო 8 ოპოზიციურ პარტიას ჯამში, ერთად - 16% უჭერს მხარს.

ქეთევან ბაკარაძის თქმით, მათ პარტიაში IRI-ის ეს კვლევა საერთოდ არ შესულა და უკვირს, „რატომ ჩაუვარდა კვლევა რაქვიაშვილს?“.

„ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვქონდა არამხოლოდ IRI-სთან, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ცნობილი კანონის მიღებამდე ოპერირებდა, ყველა ჯერზე ჩვენ ვიყავით საქმის კურსში. ამ შემთხვევაში, ეს არ მომხდარა და მე პირადად, ძალიან მიკვირს, რატომ ჩაუვარდა ეს კვლევა ისეთ პოლიტიკოსს, ალექსანდრე რაქვიაშვილს რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ აქვს ხოლმე კომუნიკაციები ამ ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან, გახსოვთ, ვერ დამალა. ჩემი აზრით, ეს იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც დაწყებული აქვს „ქართულ ოცნებას“ და ცდილობს, რომ ეს ყველაფერი დალექოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს დიდი მხარდაჭერა, საზოგადოებრივმა მხარდაჭერამ დაიწია, მაგრამ ამის პარალელურად, ნახეთ, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს აბსოლუტურად არ აქვთ, ისინი ავტორიტეტით აღარ სარგებლობენ- აი, ამ აზრის დამკვიდრებას ცდილობს „ქართული ოცნება“ რაქვიაშვილის პირით. დღეს, სადაც გაცხადებული დიქტატურაა, ფაქტობრივად, ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო სამსახურებიდან უშვებენ, შეკრების აკრძალვაა, როგორ წარმოგიდგენიათ, დღევანდელ დღეს, რიგითი ადამიანების საერთოდ თავს მისცემენ უფლებას, რომ კვლევაში მიიღონ მონაწილეობა და განსხვავებული აზრი დააფიქსირონ? ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩემთვის. მე, ერთ რიგით მოქალაქეს, იმდენად ბევრი კითხვა გამიჩნდა ამ კვლევის შედეგების ავთენტურობაზე, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობაც შეცდომაში არ შევა“, - აცხადებს ქეთევან ბაკარაძე.

გარდა ამ საკითხისა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ისაუბრა „ქართული ოცნების” დეპუტატის, ლევან მაჭავარიანის მიერ სოციალურ ქსელში, გუშინ გამოქვეყნებულ პოსტზე, რომელშიც ის ოპოზიციურ პარტიებს კვლავ „უცხო ძალების მორჩილებაში მყოფ აგენტურულ ჯგუფს“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ „აგენტურული ოპოზიციის ყველა კონფიგურაცია“ გაშიფრა. ქეთევან ბაკარაძის შეფასებით, ეს არის გუნდისთვის დაწერილი „მესიჯ ბოქსი“, რომელსაც იმეორებს, მათ შორის ლევან მაჭავარიანი.

„ჩვენ ფაქტებით ვმსჯელობთ და ვსაუბრობთ. თუ საუბარია ჩვენს კავშირზე „რადიკალურ ძალებთან“, რომელსაც ისინი „კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებენ და ძალიან ცდილობენ, რომ ჩვენც ამ დიდი პლატფორმის და ოჯახის წევრებად მოგვნათლონ, შევახსენებ კიდევ ერთხელ, რომ მათი გუნდი ძირითადად დაკომპლექტებულია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისგან“, - განაცხადა ბაკარაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო