ევროპული პოლიტიკური პარტია ALDE მათი მისამართით საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის კრიტიკას პასუხობს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებებთან დაკავშირებით ALDE-ს კონკრეტული კითხვებით „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა, რაზეც სააგენტომ აღნიშნული პარტიისგან საპასუხო წერილი მიიღო.
საქმე ეხება ALDE-ს წევრი პარტიის, “ლელო - ძლიერი საქართველოს” მიერ საქართველოში არაბული პროექტების განხორციელების საკითხზე დაფიქსირებულ მწვავე პოზიციას, რასაც შალვა პაპუაშვილი “ქსენოფობიად” აფასებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ALDE-ს მოუწოდა, “ლელოს” გაემიჯნოს.
„მივესალმებით ბატონი პაპუაშვილის მუდმივ და ხშირ ინტერესს ALDE-ს პარტიის მოსაზრებების მიმართ“, -აღნიშნულია განცხადებაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ „ALDE არ ერთვება ქვეყნის შიდა კამპანიაში, მათი პრინციპები და ღირებულებები კი კარგადაა ცნობილი და დამკვიდრებული”.
„მან [შალვა პაპუაშვილმა] იცის, ჩვენ - როგორც ევროპული პოლიტიკური პარტია - არ ვერთვებით ქვეყნის შიდა კამპანიებში, ჩვენი პრინციპები და ღირებულებები კარგადაა ცნობილი და დამკვიდრებული, ისინი ჩვენს „ღირებულებათა ქარტიაშია“ ასახული. აღსანიშნავია, რომ ისინი ადასტურებენ ჩვენი წევრი პარტიების რწმენას, რომ ლიბერალურ დემოკრატიაში, ხელისუფლებები ძალაუფლებას მოსახლეობის ნდობისა და რწმენისგან, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით იღებენ.
ჩვენ ვმუშაობთ კორუფციასთან ბრძოლასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფაზე, ვინაიდან გვჯერა, რომ ისინი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ნდობის, კონკურენციისა და ანგარიშვალდებულების გარემოს ჩამოყალიბებას მთავრობებსა და მოქალაქეებს შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილი განცხადებით, ALDE საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისკენ კვლავ მოუწოდებს.
„ALDE დგას და მომავალშიც იდგება ქართველი ხალხის გვერდით, აღფრთოვანებული ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფისადმი მათი მტკიცე ერთგულებით.
ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ისეთი პოლიტიკური ლიდერები, როგორიც არის ელენე ხოშტარია, ჟურნალისტები და მშვიდობიანი დემონსტრანტები; შეწყვიტოს საკუთარი ხალხის იგნორირება და მათ წინააღმდეგ რეპრესიული ზომების გატარება, რომელიც აგრძელებს პროტესტს თბილისსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით და გააკეთოს უკეთესი არჩევანი, ვიდრე მოქალაქეებისთვის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შეზღუდვა და ერთპარტიული დიქტატურისკენ სვლაა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა ევროპული პოლიტიკური პარტია ALDE-ს მისამართით რამდენიმე დღის წინ ასეთი განცხადება გააკეთა: “ალდეს“ მეორე შანსი აქვს, რომ „ლელოს“ გაემიჯნოს - ვნახეთ ქსენოფობიური კამპანია სლოგანით: „არაბიზაცია“, რაც აბსოლუტური ტყუილია, მაგრამ, ყველაზე აღმაშფოთებელია ის, რომ სიცრუის კამპანიას აძლევენ ქსენოფობიურ ელფერს”.