პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადთან დაკავშირებით პარლამენტში საკუთარი პროექტით შევა, რომელშიც ბევრი პრობლემური საკითხი იქნება ასახული.
როგორც კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ 40 000-ლარიან ზღვართან დაკავშირებით ცალკე პროექტი იმის გამო მოამზადა, რომ ფიზიკურ პირებს, ვისაც მიმდინარე წელს ქონების გადასახადის გადახდა უწევთ, აღარ გადაიხადონ.
კვიჟინაძის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს პროექტი მომზადების პროცესშია.
„ზოგადად, ფინანსთა სამინისტრო ქონების გადასახადთან დაკავშირებით კანონის პროექტს ამზადებს. ჩვენ ეს ნაწილი იმის გამო ამოვიღეთ, რომ წელს მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ხელფასი 100 000 ლარამდე აქვს, ქონების გადასახადი არ გადაეხადა. რაც შეეხება დანარჩენს, კანონი შემოვა და მასში ბევრი რამ იქნება გათვალისწინებული. ყველას ვისაც ეს დეკლარაცია შეუვსია, იცის, რომ არის შეფასების პრობლემა - რა ფასით უნდა წარმოადგინო, არის აღრიცხვის პრობლემა და ასე შემდეგ. თუ რაიმე კითხვებია ქონების გადასახადზე, ეს კანონი მზადდება და პარლამენტში შემოვა“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმების ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ “გადასახადო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების პროექტი 82-ხმით, ერთხმად მიიღეს. საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს - “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს 30 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. პროექტი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევა.
საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ქონების გადასახადზე 40 000-ლარიანი ზღვარი უქმდება და ერთიანი - 100 000 ლარის ოდენობის შემოსავლის ზღვარი დგინდება. შესაბამისად, 40 000-დან 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლდებიან.
“ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ქონების გადასახადთან დაკავშირებული ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება, რომელთა მიმართ დარიცხული გადასახადი 2025 წელს 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა.
ჯერ კიდევ მოქმედი საგადასახადო რეგულაციის მიხედვით, 40 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებული არიან. 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე მერყეობს, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის - 0.08 პროცენტიდან 1 პროცენტამდე.