ოპოზიციამ საკუთარი მავნე პოლიტიკით, რომელიც გარედან იმართებოდა და წახალისდებოდა, საკუთარი თავი თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „IRI-ს კვლევით, „ქოცებს“ 36% აქვთ და ოპოზიციას ჯამში, ორჯერ ნაკლები, „ლელო“ კი საერთოდ არ იზომება“.
მისი თქმით, კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოება სწორად აფასებს იმას, რომ ხელისუფლებამ მშვიდობისა და განვითარების ვექტორის შენარჩუნება შეძლო.
„მოგეხსენებათ, ეს არ გახლავთ ხელისუფლების მიერ დაკვეთილი კვლევა. ეს არის კვლევა, რომელიც ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ოპოზიციის ინტერესებიდან გამომდინარე ჩაატარა. საზოგადოებისთვის ცნობილი ობიექტური სურათი აჩვენებს, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთად ნახევრამდეც ვერ უტოლდება „ქართული ოცნების“ რეიტინგს. ოპოზიციის საშუალო მაჩვენებელი ძირითადად 2 პროცენტია. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციამ საკუთარი მავნე პოლიტიკით, რომელიც გარედან იმართებოდა და წახალისდებოდა, საკუთარი თავი თვითგანადგურების რეჟიმში გადაიყვანა. საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ოპოზიცია საქართველოს ინტერესებზე არ ზრუნავდა - მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებით, არამედ ომის, ევროინტეგრაციის, შიდა პოლიტიკის, დემოკრატიისა თუ გამოხატვის თავისუფლების თემები მათ სასპეკულაციოდ გამოიყენეს, რათა ქვეყანაში მაქსიმალური დაძაბულობა შეექმნათ და ხელისუფლება ჩაეგდოთ ხელში. ეს საზოგადოებისთვის მიუღებელია. მათი აქტიურობა სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში დაძაბულობის გაღვივებისკენაა მიმართული, რაც მოსახლეობისთვის ნაცნობი სცენარია.
ამ კვლევებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოება სწორად აფასებს იმას, რომ ხელისუფლებამ მშვიდობისა და განვითარების ვექტორის შენარჩუნება შეძლო”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.