არავინ არაფერზე დუმს! - დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რა დროსაც ირანის ელჩის განცხადებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, ელჩის ამ განცხადებაზე რეაგირება საგარეო უწყების ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაა.
„არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ. ჩვენ ყველას, ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ვიცით რეალობაც. და თუ ვიცით ეს რეალობა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია და ცალსახაა, რომ ამაზე რეაგირებას ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის მისი ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაც. ამიტომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება.
დღეს ჩვენს საათებზე დღის პირველი ნახევარია. ჩვენ დაველოდებით რეაგირებას, თუ რა იქნება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ ჩვენი ისტორიის სწორ ხაზს, რაც არის და რაც ვიცით, ვერავინ ვერც შეცვლის და ვერც სხვაგვარად წარმოაჩენს - ეს ვერ და არ იქნება.
ჩვენ ჩვენს წმინდანებს პატივს ვცემთ და მათ ვეთაყვანებით. ეს ცალსახა და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ვის ქვას ესვრის, კრიტიკას და ა.შ. - ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა იმ ელჩსა თუ წარმომადგენელთან მიმართებით, როდესაც თუნდაც თავიდან იწყებოდა არასწორი ნაბიჯების გადადგმა, ჩვენი ვექტორი ყოველთვის იყო გადაწეული იმ მხარეს, რომ „იქნებ შეცდომაში არიან შეყვანილები“ და ა.შ. ამიტომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, იმ ძალის წარმომადგენლები ან ის სახელმწიფო, რომელიც ოდესმე აგრესიას ან ქვის სროლას იწყებდა. ჩვენ ვმოქმედებთ საქმიანად. თუმცა, ნურავის დაავიწყდება, რომ ამ ყველაფერთან ერთად ვართ პრინციპულებიც. ეს პრინციპულობა სწორედ ის არის, რომ ველოდებით და, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას”, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, საქართველოში ირანის ელჩი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში ის მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც ეხება „როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.”
„დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.
ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.
მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.
წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.
შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, - წერს ელჩი.