ის წიაღსვლები, რომელიც ირანის ელჩს გააჩნია, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მით უმეტეს არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში, - ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის განცხადებას.
ქადაგიშვილის თქმით, ელჩმა კეთილი უნდა ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება.
“ჩვენ შერჩევით არავის ვუდგებით. ყველას ვუდგებით ობიექტურად და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების შესაბამისი, ადეკვატური პასუხი ექნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩთან დაკავშირებით გეტყვით ჩემს პოზიციას: კეთილი უნდა ინებოს ელჩმა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მით უმეტეს არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ირანის ელჩი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უახლოეს მომავალში ის მკითხველს მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს გაუზიარებს, რომლებიც ეხება “როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.”
“დედოფალ ქეთევანის გამოსახულება თბილისში ირანის საელჩოს ფასადზე
ამ საღამოს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი დედოფალ ქეთევანის ულამაზესი და წმინდა გამოსახულებით განათდა.
ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს.
მალე ამ გვერდის მკითხველებს გავუზიარებ ჩემ მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგებს, რომლებიც ეხება როგორც დედოფალ ქეთევანს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.
წარმოდგენილი მასალა არ იქნება არც ოფიციალური ვერსია და არც პრეტენზია იმისა, რომ ქეთევანის შესახებ საბოლოო სიტყვას ვამბობ; ეს იქნება ისტორიკოსის პირადი ხედვა და შეფასება კვლევის ამ ეტაპზე. ბუნებრივია, ეს შეფასება მომავალში უნდა შეივსოს, გაანალიზდეს, კრიტიკულად გადაიხედოს ან შესწორდეს დამატებითი წყაროებისა და ქართველი თუ ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევების საფუძველზე.
შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, - წერს ელჩი.