ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ვალდაის“ კლუბის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.
სერგეი ლავროვმა BBC-ის ჟურნალისტის სტივ როზენბერგის შეკითხვას უპასუხა, ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ.
„თქვენ გულისხმობთ იმას, როდესაც ჩვენ დრონებსა და რაკეტებს ვანადგურებთ, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპა უკრაინას აწვდიან, ხოლო ისინი შემდეგ ჩვენი მიმართულებით ისვრიან? ამას გულისხმობთ არა? თუ თქვენ აღიარებთ, რომ თქვენს იარაღს გვესვრიან, ხოლო ჩვენ ამ იარაღს ვანადგურებთ, მაშინ ამას ის დაარქვით, რაც გნებავთ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ომია, რომელსაც ევროპა ჩვენს წინააღმდეგ აწარმოებს, არანაირ ეჭვს არ იწვევს“, - განაცხადა ლავროვმა.
ასევე, ლავროვმა კომენტარი გააკეთა პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პოლონეთი მის ტერიტორიაზე Patriot-ის ტიპის რაკეტების წარმოებისთვის მზად არის, თუ უკრაინა ლიცენზიას მიიღებს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სამხედრო დოქტრინა გვაქვს, რომელსაც პრეზიდენტი არაერთხელ ციტირებს. მოგიწოდებთ, ყურადღებით შეისწავლოთ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შესაბამისი ნაწილი“, - აღნიშნა ლავროვმა.