ირაკლი კირცხალია ირაკლი ღარიბაშვილს - იმის ნაცვლად, რომ დანაშაული მოგენანიებინათ და გეპასუხათ, საიდან დააგროვეთ ქონება, გადაჭარბებულად შეფასებული დამსახურებების წამოძახებით დაკავდით - სააკაშვილის გზით წახვედით

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, უპასუხოს კითხვას, საიდან დააგროვა „მილიონობით ღირებულების პირადი ქონება”.

როგორც კირცხალია ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ წერს, ნაცვლად იმის, რომ ყოფილმა პრემიერმა აღნიშნულ კითხვას უპასუხოს და „დანაშაული მოინანიოს“ „მკვეთრად გადაჭარბებულად შეფასებული საკუთარი დამსახურებების წამოძახებით დაკავდა“.

„გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა.

წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები მისთვის დაგებულ ვერაგულ, თუმცა, არარსებულ მახესა და მის პატიმრობაზე კეთდებოდა, ახალი წერილი თავიდან ბოლომდე ქვეყნის წინაშე მის დამსახურებას მიეძღვნა. ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” გუნდს მხოლოდ ფორმალურად ახსენებს და თითოეულ იმ წარმატებას, რომელსაც მისი მეორედ პრემიერ - მინისტრობის პერიოდში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, მხოლოდ საკუთარ თავზე მიიწერს. რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკიდურესად სუბიექტურად ინტერპრეტირებულ ფაქტებთან დაკავშირებითაც შეიძლება განხილვაში შესვლა და მოვლენების ობიექტური ანალიზით მისი რეალური მნიშვნელობის უკეთ ჩვენება, თუმცა, ასეთი აბსურდული პოლემიკა საზოგადოებისთვის ნაკლებად საინტერესოა, ყველამ ყველაფერი კარგად იცის და, ბუნებრივია, ჩვენ აღნიშნულ განხილვაში შესვლას არ ვაპირებთ. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ისევე, როგორც მთელ ქართულ საზოგადოებას ირაკლი ღარიბაშვილთან ერთადერთი შეკითხვა გვაქვს, რომელსაც უკვე დიდი ხანია გაურბის. უშინაარსო წერილებისგან განსხვავებით, აღნიშნულ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი მართლაც საინტერესო იქნებოდა და ბოლოს და ბოლოს ნათელს მოჰფენდა თუ საიდან დააგროვა მილიონობით ლარის ღირებულების პირადი ქონება, რომლის არაკანონიერი გზით დაგროვების შესახებაც, თავადვე აღიარა და პატიმრობაშიც წავიდა.

სწორედ ამიტომ, მინდა ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო: იმის ნაცვლად, რომ საკუთარი დანაშაული მოგენანიებინათ, რომელიც, კიდევ ერთხელ განვმეორდები, თავადვე აღიარეთ და დასმულ შეკითხვაზე პასუხი გაგეცათ, ქართველი ხალხის წინაშე, მკვეთრად გადაჭარბებულად შეფასებული თქვენი დამსახურებების წამოძახებით დაკავდით. სამწუხაროა, რომ წარსულში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ დონემდე დახვედით და კომიკურობამდე მისულ კიდევ ერთ პერსონას დაემსგავსეთ. დიახ, თქვენ სააკაშვილის გზით წახვედით, რომლის მიერ ჩადენილი უკანონობის უამრავი ფაქტი არსებობს, თუმცა მაინც უტიფრად გვიმტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ხალხის კუთვნილი 9 მილიონის გაფლანგვას “პიჯაკების საქმედ” ნათლავს და ისე, როგორც თქვენ, მანაც დააგროვა მილიონობით ღირებულების ქონება, რომლის წარმომავლობაზე საუბარიც არ სურს. მეტიც, ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს, რომელიც გამუდმებით საკუთარ დამსახურებებზე საუბრობს და ფაქტობრივად, ახალი საქართველოს დაფუძნებას იჩემებს, მხოლოდ საკუთარ როლზე საუბრობს და ქართველს ხალხს განაწყენებული საყვედურობს, რომ მისი “ღვაწლის” დაფასების ნაცვლად, დღეს კუთვნილ და დამსახურებულ სასჯელს იხდის.

მინდა გულწრფელად გისურვოთ, რომ მომდევნო წერილში, რომელიც, ეჭვი მაქვს, თქვენი სახელით ძალიან მალე გამოქვეყნდება, ბოლოს და ბოლოს შეეშვათ საკუთარი მიღწევების გაზვიადებას და ტრაბახს, თითქოს, საქართველო თქვენ ააშენეთ. ერთადერთი მართლაც საინტერესო რამ შეგიძლიათ გააკეთოთ, თქვენ უნდა უპასუხოთ ყოფილ პოლიტიკურ გუნდსა და ქართველ ხალხს საიდან დააგროვეთ მილიონობით ღირებულების პირადი ქონება? თუმცა, თუ თქვენი განცხადებების ბოლოდროინდელ შინაარსსაა და განვითარების მიმართულებას გავითვალისწინებთ, ბევრად დიდი შანსია, “სააკაშვილის გზა” განაგრძოთ და ამჯერად, საკუთარი თავი უახლესი საქართველოს მამად წარმოგვიჩინოთ”,- აცხადებს კირცხალია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარებაში დაბრუნდა პრემიერის პოსტზე 2021 წელს. კერძოდ, ექსპრემიერი 2021-2024 წლებში საკუთარი მმართველობის პერიოდზე წერს, მისი პოზიციიდან მიღწეულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებს იხსენებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ვითარება მისი წასვლის შემდეგ. ექსპრემიერი ვრცელ განცხადებაში გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომ კრიზისზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო მიღწევებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით ამბობს, რომ მან „ღალატი ჩაიდინა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია