პოლონეთმა რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონებზე თავდასხმის საპასუხოდ საჰაერო სივრცის მონიტორინგისთვის ავიაცია გაააქტიურა.
საჰაერო ძალების გარდა, პოლონეთმა ასევე საჰაერო თავდაცვის სახმელეთო სისტემებისა და რადიოლოკაციური დაზვერვის სისტემების მობილიზება მოახდინა.
„ეს ზომები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით საფრთხის ზონების მიმდებარე რეგიონებში“, - განაცხადა პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ.
მოგვიანებით, პოლონეთის საჰაერო ნავიგაციის სერვისების სააგენტომ განაცხადა, რომ ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტებმა ოპერაციები შეაჩერეს.
ამასთან, 29-30 სექტემბრის ღამეს, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის საზღვართან ახლოს, ოდესის ოლქიდან მოძრავი საჰაერო სამიზნე დააფიქსირა, რის გამოც ესპანეთის საჰაერო ძალების ორი F-18 ტიპის თვითმფრინავი სიტუაციის მონიტორინგის მიზნით აფრინდა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევა არ მომხდარა.