ზვიად შალამბერიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე - ხალხის პირობების გაუმჯობესება თუ გაუარესება ცალ-ცალკე პიროვნებებზე ვერასდროს იქნება დამოკიდებული

ხალხის პირობების გაუმჯობესება თუ გაუარესება ცალ-ცალკე პიროვნებებზე ვერასდროს იქნება დამოკიდებული - ზოგადად, ძალიან უხერხულია ამ თემაზე სიღრმეებში შესვლა და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი გუნდის არც ერთი წევრისთვის არ არის სასიამოვნო ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს ადამიანი ჩვენი გუნდის ლიდერი იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზვიად შალამბერიძემ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილზე საუბროსას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ციფრები, რაზეც ყოფილი პრემიერი თავის წერილში საუბრობს, დღეს კიდევ უფრო მეტადაა გაუმჯობესებული.

შალამბერიძე ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ, მოსახლეობის მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდება.

„დღევანდელი ციფრები კიდევ უფრო მეტადაა გაუმჯობესებული. ყოველწლიურად, როგორც ეკონომიკა იზრდება, ისე იზრდება ხელფასები, პენსია. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდება. არ უნდა შევხედოთ 2-3 წლიან ჭრილში, მთლიანად უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ხელისუფლებაში მოსულია 2012 წლიდან, შესაბამისად, დღემდე პოლიტიკას „ქართული ოცნების“ გუნდი ატარებს და მომავალშიც გაატარებს. ხალხის პირობების გაუმჯობესება თუ გაუარესება ცალ-ცალკე პიროვნებებზე ვერასდროს იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ გუნდი, რომელიც 2012 წელს მოვიდა, დღემდე სწორედ ამ საკითხებზე მუშაობს“, - განაცხადა შალამბერიძემ.

კითხვაზე, რას ფიქრობს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი წერილებზე, ზვიად შალამბერიძე ასე პასუხობს: „მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი რას ფიქრობს. შეგიძლიათ, მას ჰკითხოთ“.

„ნებისმიერ ბრალდებულს შეუძლია თავდაცვის მიმართულება განავითაროს ისე, როგორც ის თვლის საჭიროდ. შეიძლება ეს იყოს გადატანილი გარკვეულწილად პოლიტიკურ ჩარჩოებშიც, აქედან გამომდინარე, ვინ რას ფიქრობს მის წერილებზე, ეს მათი ინდივიდუალური საქმეა“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარებაში დაბრუნდა პრემიერის პოსტზე 2021 წელს. კერძოდ, ექსპრემიერი 2021-2024 წლებში საკუთარი მმართველობის პერიოდზე წერს, მისი პოზიციიდან მიღწეულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებს იხსენებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ვითარება მისი წასვლის შემდეგ. ექსპრემიერი ვრცელ განცხადებაში გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომ კრიზისზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო მიღწევებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით ამბობს, რომ მან „ღალატი ჩაიდინა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია