ღარიბაშვილმა თავისი მოკლე ჭკუით იფიქრა, გახარიაზე, ჩვენ პოლიტიკურ გუნდზე თავდასხმით პატრონს ასიამოვნოს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ღარიბაშვილის წერილებს არანაირი კავშირი არა აქვთ არც ქვეყნის და არც მოქალაქეების პრობლემებთან.
„ღარიბაშვილმა თავისი მოკლე ჭკუით იფიქრა, გახარიაზე, ჩვენ პოლიტიკურ გუნდზე თავდასხმით ასიამოვნოს პატრონს. ისევ და ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე აქვეყნებს ამ წერილებს. დღეს, თუ რამე პრობლემები არის რეალურად ქვეყანაში, სწორედ დაიწყო ღარიბაშვილის დროიდან მოყოლებული.
დღიდან, რაც ამ ადამიანმა წერილების წერა დაიწყო, ამბობს მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ პრობლემებზე, საერთოდ არ უხსენებია ჩვენი ქვეყნის საზოგადოების და მოქალაქეების პრობლემები. ამ წერილებს არანაირი კავშირი არა აქვთ არც ჩვენი ქვეყნის და არც ჩვენი მოქალაქეების პრობლემებთან. ცდილობს, გადაარჩინოს საკუთარი თავი პატრონის წინაშე“, - განაცხადა ფარულავამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარებაში დაბრუნდა პრემიერის პოსტზე 2021 წელს. კერძოდ, ექსპრემიერი 2021-2024 წლებში საკუთარი მმართველობის პერიოდზე წერს, მისი პოზიციიდან მიღწეულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებს იხსენებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ვითარება მისი წასვლის შემდეგ. ექსპრემიერი ვრცელ განცხადებაში გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომ კრიზისზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო მიღწევებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით ამბობს, რომ მან „ღალატი ჩაიდინა“.