ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი გადმოსახედიდან სწორად იქცევა - ცდილობს თავი რაც შეიძლება სარფიანად მიყიდოს ბიძინა ივანიშვილსა და ხალხს, ვინც “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს - ჯერჯერობით ივანიშვილი დარწმუნებული არ არის, ღარიბაშვილზე კვლავ გააკეთოს თუ არა ახალი ფსონი, - ასე აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ ახალ წერილს პარტია “თავისუფლების მოედნის“ წევრი კახა ჩიქოვანი.
როგორც ჩიქოვანმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი მოვლენების განვითარებას აკვირდება და მას საკუთარი გადმოსახედიდან არასად ეჩქარება. ჩიქოვანის თქმით, ახლა თვალს ორ დაჯგუფებას შორის მიმდინარე ბრძოლას ვადევნებთ და ამ ყველაფერში ცუდი ისაა, რომ შედეგად სახელმწიფო სუსტდება.
“თავისუფლების მოედნის“ წევრის აზრით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი თავის სიტყვას იტყვის და “როგორც ეს კაცი გადაწყვეტს, ისე იქნება მომავალში“.
“[ღარიბაშვილი ბოლო წერილში კობახიძეს არ ახსენებს, თუმცა] ყველამ იცის, ვინ არის კოლმეურნეობის თავმჯდომარე. ირაკლი ღარიბაშვილის წერილების მიმართულია არა ქართული საზოგადოებისადმი, არამედ “ქართული ოცნების“ ამომრჩევლისადმი. როდესაც ის ხალხს მიმართავს, მიმართავს თავის ამომრჩეველს. დღევანდელი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, ყველას ყოფა გაუარესდა, მაგრამ ეს იმასთან არ არის დაკავშირებული, რომ ღარიბაშვილი გენიალური მენეჯერი იყო. იმ პერიოდში პოლიტიკური ვითარება ცოტა სხვა იყო - ჩვენი დასავლელი პარტნიორები აბსოლუტურად სხვანაირად მოქმედებდნენ და “ქართული ოცნების“ მაშინდელი მესვეურებიც დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ცოტა სხვანაირად მოქმედებდნენ. მაშინ ისეთ იზოლაციაში, როგორც “ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო დღეს ჩააყენა, არ ვყოფილვართ. შესაბამისად, ეს ყველა სფეროზე - საქართველოს თითოეული მოქალაქის ელემენტარულ ყოფით პირობებზე აისახა და საქართველოს მოქალაქეებს წარმოადგენენ ისინიც, ვინც “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.
თავის დროზე, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური წონა უფრო მეტი იყო, ვიდრე დღეს მოქმედ პრემიერ-მინისტრს აქვს. ღარიბაშვილის აუდიტორია არის მკვეთრად გამოკვეთილი - ერთის მხრივ, ეს არის ზუსტად “ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, ვისაც ღარიბაშვილი ელაპარაკება და მეორეს მხრივ, ეს არის თავად ბიძინა ივანიშვილი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის პროექტი რომ გახდეს, მას კიდევ ბევრი წერილის გამოქვეყნება და ბევრი მუშაობა მოუწევს - ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებული არ არის, ღარიბაშვილზე კვლავ გააკეთოს თუ არა ახალი ფსონი.
საკუთარი გადმოსახედიდან ირაკლი ღარიბაშვილი სწორად იქცევა - ცდილობს რაც შეიძლება სარფიანად მიყიდოს თავი ბიძინა ივანიშვილს და ხალხს, ვინც “ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს. ეს “ქართულ ოცნებაში“ დაბრუნება იქნება - რასაც პირადად მე გამოვრიცხავ, სხვა პოლიტიკურ ძალასთან მიერთება თუ საკუთარი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა, ამას დრო გვიჩვენებს. ის ყველანაირად ცდილობს “ქართულ ოცნებას“ დარჩენილი ამომრჩეველი გამოაცალოს და ივანიშვილის დაუმტკიცოს, რომ მასზე ერთგული და უფრო პრაგმატულად მოაზროვნე, სხვა წონის პოლიტიკოსი მას არ ეყოლება“, - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.
რაც შეეხება პოლიტიკურ კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტიდან შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადაყვანილი გეკა გელაძე სამსახურში არ დადის და უწყებაში ჯერ არ გამოჩენილა, ჩიქოვანის თქმით, სისტემა მთლიანად მოშლილია და ყველა სფერო “მორღვეულია“.
“ეს ეხება შს სამინისტროსაც და უსაფრთხოების სამსახურსაც. როდესაც სახელმწიფოში უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი წელიწადში ხუთჯერ იცვლება, საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?! აქ ხომ ინსტიტუციების სტაბილურობაა მთავარი?! არ ვიცი, რატომ არ შეიძლება გეკა გელაძე ახალ სამსახურში არ მიდიოდეს და რა აზრები უტრიალებს მას თავში. არც ის ვიცი, რა გავლენები აქვს მას შს სამინისტროში - აქ მთავარი პერსონა ბიძინა ივანიშვილია და როგორც ის გადაწყვეტს ისე იქნება. შეიძლება დეპრესიაშია! პრემიერ მინისტრიდან დაწყებული არც ერთ სხვა მინისტრს და თანამდებობის პირს პოლიტიკური ძალა არ გააჩნია - ისინი მხოლოდ ტექნიკური პერსონები არიან“, - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.
გადაცემის სტუმარმა ამავე კონტექსტში აღნიშნა ისიც, რომ მმართველი პარტია სახელმწიფოს გაძლიერებისთვის არაფერს არ აკეთებს, ხოლო ის ერთადერთი, რასაც აკეთებს, კლანების მდგომარეობის გაუმჯობესება და საკუთარი ძალაუფლების გაძლიერებაა.
“ძალიან მაგრად დგანან ორ ფეხზე, როდესაც ირანის ელჩი მორიგ აბსურდულ შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს! ძალიან მაგრად დგანან ორ ფეხზე, როცა მარგო სიმონიანი და სხვა რუსი პროპაგანდისტები შეურაცხყოფის მოყენების შანსს არ უშვებენ. თუ ორ ფეხზე დგომას ამას ეძახიან, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. თავის დროზე ერეკლე მეფეზე ასეთი ამბავი ატეხეს და რა შეურაცხყოფაც მარგო სიმონიამა და რუსულმა საზოგადოებამ ჩვენ მოგვაყენა, ამაზე მათი საპირისპირო განცხადება ჯერ არ გამიგია! - ეს არის ორ ფეხზე დგომა და პრაგმატული პოლიტიკა?!“, - განაცხადა კახა ჩიქოვანმა.