რუსუდან თევზაძე - ჩვენ მივიღეთ ილუზორული, მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ მორგებული სახელმწიფო, რომელიც არ ემსახურება ხალხს

35 წლის განმავლობაში წლიდან წლამდე და „ოცნების“ ხელისუფლების ბოლო პერიოდში, ფაქტობრივად, სრულად მოხდა დევალვაცია იმ ბრძოლის, იმ ჯაფისა და მონდომების, რაც ჩაიდო ცალკეული მოქალაქიდან დაწყებული ინსტიტუციური კომპონენტით დასრულებული, ამ ქვეყანაში, რომ ის სახელმწიფოდ შემდგარიყო,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „ჯერ საქართველოს“ წევრმა რუსუდან თევზაძემ განაცხადა.

მან პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილების ჭრილში, ქვეყანაში შექმნილი ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ ილუზორული, მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“ მორგებული სახელმწიფო, რომელიც არ ემსახურება ხალხს.

„ღარიბაშვილის წერილი გახლავთ ის მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი ინდიკატორი, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ დღეს რეალურად გვაქვს მხოლოდ „ოცნების“ ილუზიური, მათთვის მორგებული „სახელმწიფო“ და ეს სახელმწიფო არ არის ჭეშმარიტად სახელმწიფო და არ ემსახურება ხალხს“, - განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

რაც შეეხება თავად ყოფილი პრემიერის მიერ ციხიდან გამოქვეყნებული წერილების სერიის მიზანს, რუსუდან თევზაძე მიიჩნევს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილისთვის თავის მოწონებას ემსახურება.

„ყველა წერილის საერთო შინაარსი ემსახურება იმას, რომ თავი მოაწონოს ივანიშვილს, ეს არის უფრო გრძელვადიანი პერსპექტივის უზრუნველყოფა, რომ ისევ დაბრუნდეს. თუმცა არ ვიცი როგორ უნდა დაბრუნდეს, ეს ღირსების ხაზზე გადის, ეს არის ღირსებით თემა და საკუთარი ოჯახის გადარჩენის!

წარმოუდგენელ ამბავთან გვაქვს საქმე - ერთგვარი კლასტერულ-ქურდული გარჩევები და საუბრები ყოფილა და [ღარიბაშვილმა] გადაწყვიტა, რომ წასულიყო ციხეში და მოატყუეს.

მთელი ფილოსოფია და არქიტექტურა ამ ამბის არის აგებული იმაზე, რომ „ოცნების“ კლასტერი თავად იპარავს, ერთმანეთს ჰპარავენ, მერე ერთმანეთს იჭერენ, მერე იხდიან დიდ თუ მცირე ფულს, მერე გამოდიან ციხიდან. ეს არის მთელი ფილოსოფია, მათ მიერ დანახული რაკურსი და ეს არის მათთვის ქვეყანა, როგორც სახელმწიფო.

მისი წერილები იმდენად გაჟღენთილია პერსონალური გადარჩენის და ოჯახის გადარჩენის და გრძელვადიან პერსპექტივაში კარიერული რეაბილიტაციის შინაარსით, რომ მათ შედგენაში მისი თანამონაწილეობაც იგრძნობა და ასე დამოუკიდებლად , ავტონომიურად ამ შინაარსებს ვერ განავითარებდა, რომ არ ჰქონდეს რაღაც ტიპის მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ წერილის შინაარსმა თავისი შედეგი შეიძლება გამოიღოს“,- განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის უკანასკნელი წერილი, სადაც მისი პრემიერობის დროს მიღწეულ პროგრესზე საუბარი, ეწინააღმდეგება მის წინა განცხადებებს სასამართლოს სამართლიანობასთან დაკავშირებით.

„დავანებოთ ღარიბაშვილს თავი, ნებისმიერი მოქალაქე თუ თვლის თავს, რომ არის უდანაშაულო და ეს ყველაფერი კონსპირაციული და მოგონილია, ის აუცილებლად წავა სასამართლოში, თუ სჯერა იმის, რომ სასამართლო არის სამართლიანი და დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას. თუმცა საქმე იმაშია, რომ ღარიბაშვილის მიერვე არის შექმნილი [სასამართლო სისტემა] და თვითონვე ამბობს, რომ აზრი არ აქვსო იქ სიარულსო. ქვეყნის კეთილდღეობის ხერხემალი არის სამართლიანი სასამართლო“.- განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარებაში დაბრუნდა პრემიერის პოსტზე 2021 წელს. კერძოდ, ექსპრემიერი 2021-2024 წლებში საკუთარი მმართველობის პერიოდზე წერს, მისი პოზიციიდან მიღწეულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებს იხსენებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ვითარება მისი წასვლის შემდეგ. ექსპრემიერი ვრცელ განცხადებაში გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომ კრიზისზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო მიღწევებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით ამბობს, რომ მან „ღალატი ჩაიდინა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია