ისრაელის „მე-12 არხის“ და Ynet-ის ცნობით, ისრაელელი ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად მიიჩნევენ, რომ დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით მიმავალ flydubai-ს რეისზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო, თუმცა ამის შესახებ საბოლოო დასკვნის გაკეთება ჯერჯერობით შეუძლებელია.
„მე-12 არხის“ ცნობით, ამჟამად ისრაელში აღნიშნულ რეისთან დაკავშირებით ინტენსიური განხილვები მიმდინარეობს.
თვითმფრინავი საუდის არაბეთში მას შემდეგ დაეშვა, რაც პილოტთა კაბინაში დაპირისპირება მოხდა.
მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, საუდის არაბეთის ხელისუფლება იძიებს საქმეს ომანელ პილოტთან დაკავშირებით, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ემირატელ კაპიტანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა.
ამავდროულად, განიხილება სხვა ვერსიებიც, მათ შორის - ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა.
ინციდენტის გარემოებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არც ისრაელის, არც საუდის არაბეთისა და არც არაბთა გაერთიანებული საემიროების ხელისუფლებას არ გაუკეთებია.
ამასთან, ებრაული მედია საშუალებები ავრცელებენ ვიდეოს, რომელიც, სავარაუდოდ, flydubai-ს თვითმფრინავის საუდის არაბეთში დაშვების მომენტში არის გადაღებული. ვიდეოში ჩანს, რომ მგზავრები ზეიმობენ, ტაშს უკრავენ და მღერიან.