საქართველოს ეუთო-ს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნები მის კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან, - ინფორმაციას გამოცემა Rapporteur-ი ავრცელებს.
Rapporteur-ის ინფორმაციით, საქართველო ძალისხმევას აძლიერებს, რათა 2027 წლისთვის ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს.
გამოცემა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებას ციტირებს, რომლის თანახმად, „საქართველო დაინტერესებულია, გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წელს და მზადაა, ითანამშრომლოს ორგანიზაციის წევრ ყველა სახელმწიფოსთან“.
როგორც გამოცემა წერს, ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარეობის ერთადერთი ოფიციალური კანდიდატი კვიპროსია, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა მხარს უჭერს, თუმცა მის კანდიდატურას თურქეთი ბლოკავს.
„აღნიშნულმა დავამ ეუთო მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით კონსენსუსის გარეშე დატოვა, რამაც საქართველოს შესაძლებლობა მისცა, საკუთარი თავი ალტერნატივად წარადგინოს“, - წერს Rapporteur-ი.
კითხვაზე, კვლავ უჭერს თუ არა მხარს ევროკავშირი კვიპროსის კანდიდატურას, ევროკავშირის პრესსპიკერმა კრისტიან ვიგანდმა უპასუხა, რომ „დიახ“. ასევე, მისი თქმით, ევროკავშირი ალტერნატიულ კანდიდატებს არ განიხილავს.
ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს მორიგი შეხვედრა ლუგანოში 3-4 დეკემბერს გაიმართება. შესაძლოა, შეხვედრაში მონაწილეობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პირადად მიიღოს.
„თუ თურქეთი კვიპროსის კანდიდატურის დაბლოკვას გააგრძელებს, საქართველოს კანდიდატურა ლუგანოს მინისტრთა საბჭოზე, შესაძლოა, პოტენციურ ალტერნატივად იქნეს წარდგენილი“, - ნათქვამია გამოცემის სტატიაში.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს პოტენციური კანდიდატურის მიმართ განსაკუთრებით მკაცრი პოზიცია ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ.
საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით რუსეთის პოზიციაც უცნობია.