Flydubai-ს თვითმფრინავის ერთ-ერთი მგზავრის განცხადებით, მისმა მეუღლემ ბორტზე მყოფი „ტერორისტის განეიტრალებაში“ მიიღო მონაწილეობა.
მედიასთან საუბარში ქალი, სახელად მეიტალი, ჰყვება, რომ ეკიპაჟის წევრმა, რომელიც კაბინაში იმყოფებოდა, „თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა“, თუმცა მგზავრებმა მისი შეკავება შეძლეს.
„ვიღაცამ დაიყვირა: „დანით დაჭრესო“; ჩემმა მეუღლემ მაშინვე გააცნობიერა სიტუაცია, თვითმფრინავის წინა ნაწილისკენ გაიქცა და სხვა ისრაელელებთან ერთად ტერორისტი გაანეიტრალა. ადგილი ჰქონდა დანით ჭრილობების მიყენებას, იყო ბევრი სისხლი. ძალიან ემოციურ მდგომარეობაში ვართ და საშინელ სტრეში, საუბარი ძალიან მიჭირს“, - აცხადებს მგზავრი.
ვიდეოში, რომელსაც ერთ-ერთი მგზავრი ოჯახს უგზავნის, ის საუბრობს ტერორისტზე - ადამიანზე, რომელმაც თვითმფრინავის ხელში ჩაგდება სცადა. მგზავრი აცხადებს, რომ თავდამსხმელის განეიტრალებაში მონაწილეობდა.
ამასთან, მედიაში ვრცელდება კიდევ ერთი ვიდეო Flydubai-ს თვითმფრინავიდან, რომელიც, სავარაუდოდ, პილოტის მიერ კაპიტანზე თავდასხმიდან მალევეა გადაღებული. კადრში ჩანს სისხლში მოსვრილი კაპიტანი, რომელიც კაბინის გარეთ, თვითმფრინავის იატაკზე წევს და მგზავრები დახმარებას უწევენ. მის გვერდით ჩანს ეკიპაჟის მეორე წევრიც - ხელ-ფეხშეკრული და, როგორც ჩანს, უგონო მდგომარეობაში მყოფი.
ერთ-ერთი მგზავრი ამბობს: „თავს დაგვესხნენ და პილოტს ვიცავდით“. მეორე მგზავრის თქმით კი პილოტის მოკვლა სცადეს და მათ თავდამსხმელი გააუნებელყვეს. ერთ-ერთი პირი ხელს იშვერს ხელ-ფეხშეკრული მამაკაცისკენ და ამბობს: „ეს ის კაცია, რომელმაც, დაჭრა“.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ისრაელის მიმართულებით მიმავალი Flydubai-ს რეისი საუდის არაბეთისკენ გადამისამართდა მას შემდეგ, რაც პილოტებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო თვითმფრინავიდან საგანგებო სიტუაციის მანიშნებელი სიგნალები გაიგზავნა.