2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია კი 60 ლარით მოიმატებს , - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2027 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კომიტეტებში განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ „2027 წლის ბიუჯეტი არის განვითარებაზე ორიენტირებული“.
„ნაერთი ბიუჯეტი თითქმის 2 მილიარდით იზრდება. პრაქტიკულად, ყველა სამინისტროს ემატება თანხები. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს - 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით მოემატება და 555 ლარი გახდება, იგივე ასაკობრივი კატეგორიის ხალხს, რომლებიც მთაში ცხოვრობენ, 665 ლარი ექნებათ. 70 წელს ქვემოთ პირების შემთხვევაში კი პენსია 20 ლარით მოიმატებს. იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში.
ორშაბათიდან დაიწყება განხილვები კომიტეტებში. პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს - რა შეიძლება დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ბიუჯეტი არის პირველადი და ის გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენაზე“, - განაცხადა კვიჟინაძემ.