რეჟიმი არის თხემით ტერფამდე რუსული, რომლის ერთადერთი და გაცხადებული მიზანიც არის ევროპული კავშირისგან ჩვენი ქვეყნის დაშორება. შესაბამისად, არანაირი სტაბილიზაცია, რეფორმა და რევიზია არსებული რუსული პოლიტიკისა არ მოხდება, ვიდრე საქართველოს ეს რეჟიმი ჰყავს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ევროპელი პარტნიორების მისამართით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო პერიოდის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ეს რეჟიმი არავითარ სტაბილიზაციას ევროპულ კავშირთან არ აპირებს“ და არც იმ ნაბიჯების გადადგმაა გეგმაში, რომლებიც ევროპულ კავშირთან ურთიერთობების სტაბილიზაციას წინ უნდა უძღოდეს.
„ყველასათვის ნათელია, რომ ეს რეჟიმი არავითარ სტაბილიზაციას ევროპულ კავშირთან არ აპირებს. არც იმ ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, რომლებიც შესაძლო სტაბილიზაციას წინ უნდა უძღოდეს. ეს რეჟიმი არის თხემით ტერფამდე რუსული, რომლის ერთადერთი და გაცხადებული მიზანიც არის ევროპული კავშირისგან ჩვენი ქვეყნის დაშორება. შესაბამისად, არანაირი სტაბილიზაცია, რეფორმა და რევიზია არსებული რუსული პოლიტიკისა არ მოხდება, ვიდრე საქართველოს ეს რეჟიმი ჰყავს. ამ რეჟიმის პირობებში მშვიდობა, კეთილდღეობა და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის ჰორიზონტზე არ იქნება, რაც დღეს კრიტიკულად სჭირდება ჩვენს ქვეყანას - მეტი მშვიდობა, სოციალური სტაბილურობა და პერსპექტივა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.