BTU საქართველოში პირველ სტუდენტურ AI ეკოსისტემას ქმნის

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციასთან (GAIA) თანამშრომლობით ქმნის BTU AI Students Hub-ს - საქართველოში პირველ სტუდენტურ AI ეკოსისტემას, რომელიც ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ სტუდენტებს, მენტორებს, ინდუსტრიის ექსპერტებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს გააერთიანებს.

ჰაბი სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, განივითარონ ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული და პასუხისმგებლიანი გამოყენებისთვის საჭირო ცოდნა, იმუშაონ რეალურ გამოწვევებზე, მიიღონ პროფესიული გამოცდილება და მიღებული ცოდნა სხვა სტუდენტებსა და ახალგაზრდებს გაუზიარონ.

ინიციატივის მიზანია, სტუდენტებმა ხელოვნური ინტელექტი შეისწავლონ არა მხოლოდ როგორც ტექნოლოგიური ინსტრუმენტი, არამედ შეძლონ მისი გააზრებული, პრაქტიკული და პასუხისმგებლიანი გამოყენება სხვადასხვა პროფესიულ სფეროში. ჰაბში მიღებული ცოდნა რეალურ გამოწვევებზე მუშაობას დაუკავშირდება, ხოლო სტუდენტები სასწავლო პროცესის მონაწილეებთან ერთად ცოდნისა და გამოცდილების გამზიარებლებიც გახდებიან.

BTU AI Students Hub აცხადებს პირველ მიღებას. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დასაწყისიდანვე ჩაერთონ ახალი AI ეკოსისტემის შექმნასა და განვითარებაში. ჰაბის წევრები მიიღებენ ახალ ცოდნას, გაუზიარებენ მას სხვებს, გაიცნობენ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, ჩაერთვებიან პროფესიულ დიალოგში და GAIA-ს მხარდაჭერით რეალურ პროექტებზე იმუშავებენ.

BTU AI Students Hub-ის საქმიანობა სამი ძირითადი მიმართულებით განვითარდება:

  • AI წიგნიერება და ცოდნის გაზიარება
  • AI კონსულტაცია და რეალური პროექტები
  • AI საზოგადოება და გამოცდილების გაცვლა

AI წიგნიერებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულება მოიცავს ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული და პასუხისმგებლიანი გამოყენებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებას. სტუდენტები ისწავლიან AI ინსტრუმენტებთან მუშაობას, პრომპტების შექმნას, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებას, მონაცემთა დაცვასა და AI ეთიკის პრინციპებს. შესაბამისი მომზადების შემდეგ ჰაბის წევრები მიღებულ ცოდნას სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და სხვადასხვა ახალგაზრდულ ჯგუფს გაუზიარებენ.

AI კონსულტაციისა და რეალური პროექტების ფარგლებში სტუდენტური გუნდები კომპანიებისა და ორგანიზაციების პრაქტიკულ გამოწვევებზე იმუშავებენ. პროექტები შესაძლოა უკავშირდებოდეს ბიზნესს, მარკეტინგს, განათლებას, ტექნოლოგიებსა და სხვა სფეროებს. მენტორებისა და ინდუსტრიის ექსპერტების მხარდაჭერით სტუდენტები შეძლებენ ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენებას, პროფესიული პორტფოლიოს განვითარებასა და სამუშაო პროცესისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების მიღებას.

AI საზოგადოებისა და გამოცდილების გაცვლის მიმართულება ჰაბის წევრებს შესთავაზებს რეგულარულ პრაქტიკულ სესიებს, ექსპერტებთან შეხვედრებს, პროფესიული კავშირების დამყარებისა და სტუდენტური პროექტების განხილვის შესაძლებლობას. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს ახალი AI ინსტრუმენტებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებას, ინტერდისციპლინური გუნდების ჩამოყალიბებასა და მენტორებთან, კურსდამთავრებულებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას.

GAIA, როგორც ჰაბის ტექნიკური და ეკოსისტემური პარტნიორი, უზრუნველყოფს რეალური პროექტების, ტექნიკური მენტორობისა და გამოცდილი ექსპერტების ჩართულობას. თანამშრომლობა სტუდენტებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ, როგორ იქმნება და გამოიყენება AI გადაწყვეტები პროფესიულ გარემოში და როგორ გარდაიქმნება იდეა პრაქტიკულ პროექტად.

პირველ ეტაპზე BTU AI Students Hub საპილოტე ფორმატით ამოქმედდება. ჩამოყალიბდება სტუდენტების ძირითადი ჯგუფი, რომელიც მენტორებისა და უფროსი ექსპერტების მხარდაჭერით 3-5 რეალურ პროექტზე იმუშავებს. პროგრამა ასევე მოიცავს პროფესიული კავშირების განვითარებაზე ორიენტირებულ შეხვედრებსა და AI წიგნიერების გავრცელების აქტივობებს.

სემესტრი Demo Day-ით დასრულდება, სადაც სტუდენტური გუნდები განხორციელებულ პროექტებსა და მიღებულ შედეგებს წარადგენენ.

BTU AI Students Hub-ის საქმიანობა უნივერსიტეტის სივრცით არ შემოიფარგლება. სტუდენტების მიერ ცოდნის სხვა ახალგაზრდებისთვის გაზიარება ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი და პრაქტიკული გამოყენების კულტურის გავრცელებას. საქართველოში პირველი ამ ტიპის სტუდენტური AI ეკოსისტემა ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას არა მხოლოდ დააკვირდნენ, არამედ მიღებული ცოდნით, იდეებითა და პროექტებით თავადაც ჩაერთონ ამ პროცესში.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია