ფიქრია ჩიხრაძე - ღარიბაშვილის ეს ეპისტოლარული ჟანრი კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ქართულ ოცნებაში“ რაოდენ კრიზისული ვითარებაა - ტოტალურ ქურდებთან და კორუფციონერებთან გვაქვს საქმე

ღარიბაშვილის ეს ეპისტოლარული ჟანრი კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ქართულ ოცნებაში“ რაოდენ კრიზისული ვითარებაა - მე ჯერ არ მომისმენია, ღარიბაშვილს მის წინააღმდეგ არსებული კორუფციული ბრალდებები უარეყო და ეთქვას, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტისაგან ფული არ მოუპარავს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რითაც პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კარგად ახსოვს, „ღარიბაშვილის ქება-დიდება გახარიასა და სხვა ლიდერებისადმი, რომლებიც დღეს ციხეებში არიან გამომწყვდეულები“. მან აღნიშნა, რომ ერთადერთი, ვისაც დაკავებული მაღალჩინოსნები არ „ლანძღავენ“, სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ისინი შეარჩია.

„ღარიბაშვილის ეს ეპისტოლარული ჟანრი კიდევ ერთხელ მიანიშნებს „ქართულ ოცნებაში“ რაოდენ კრიზისული ვითარებაა. მე და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს იგივე ღარიბაშვილის ქება-დიდება გახარიასა და სხვა ლიდერებისადმი, რომლებიც დღეს ციხეებში არიან გამომწყვდეულები. ერთადერთი ვისაც ისინი არ ლანძღავენ და აგინებენ, არის ის ადამიანი, რომელმაც ის ხალხი შეარჩია, რომლებიც ძალიან ბევრი ფულის მითვისებაში აღმოჩნდნენ მხილებულები. იმის გამო, რომ როგორც თავად ამბობენ, ვიღაცამ ვიღაც გადააგდო, მოატყუა, საკმარისი ფული არ აშოვნინა და ა.შ. ძირითადად, ამ ნიადაგზე ჩხუბობენ ერთმანეთში. მე ჯერ არ მომისმენია ღარიბაშვილს მის წინააღმდეგ არსებული კორუფციული ბრალდებები უარეყო და ეთქვას, რომ მას სახელმწიფო ბიუჯეტისაგან ფული არ მოუპარავს. ტოტალურ ქურდებთან და კორუფციონერებთან გვაქვს საქმე „ქართულ ოცნებაში“ და მისი თითოეული ყოფილი თუ ახლანდელი წარმომადგენელი რას იტყვის, ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც საუბრობს იმაზე, თუ რა ვითარებაში დაბრუნდა პრემიერის პოსტზე 2021 წელს. კერძოდ, ექსპრემიერი 2021-2024 წლებში საკუთარი მმართველობის პერიოდზე წერს, მისი პოზიციიდან მიღწეულ ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებს იხსენებს და საზოგადოებას კითხვით მიმართავს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა ქვეყანაში ვითარება მისი წასვლის შემდეგ. ექსპრემიერი ვრცელ განცხადებაში გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომ კრიზისზე, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო მიღწევებსა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მისამართით ამბობს, რომ მან „ღალატი ჩაიდინა“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია