აშშ ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ჯგუფიდან გავიდა, - ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) დატოვების შესახებ აცნობა.
აქამდე, GRECO-დან მხოლოდ ორი ქვეყანაა გასული - რუსეთი და ბელარუსი.
GRECO-დან გასვლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის მონაწილეობას, რომელიც ყოველწლიურ ფინანსურ შენატანს მოითხოვს, „ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ხელშესახები სარგებელი არ მოაქვს“.
„საერთაშორისო ბიუროკრატიისთვის ჩეკების გამოწერის ეპოქა დასრულდა. ამის ნაცვლად, დეპარტამენტი პრიორიტეტს ანიჭებს კორუფციასთან ბრძოლის უფრო ეფექტურ ინსტრუმენტებს, როგორიც სავიზო შეზღუდვები, სანქციები და მიზნობრივი საგარეო დახმარებაა ანტიკორუფციული გამოძიების მხარდასაჭერად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა.