“პირობას გაძლევთ, მსგავსი რამ არ განმეორდება”, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვმა განაცხადა, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა.
პოპოვმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა ისიც, რომ ჩადენილს აღიარებს.
ამასთან, აღნიშნა, რომ ის სტუმრად მეგობართან იყო, ნასვამ მდგომარეობაში. მისივე თქმით, საპირფარეშოში სურდა შესვლა, რომელიც დაკავებული ჰქონდა მისი მეგობრის ფეხმძიმე მეუღლეს, ამიტომ, პოპოვის თქმით, “ჩაიდინა ის ქმედება, რასაც შსს ედავება”.
ამასთან, პოპოვის განმარტებით, ის ბინას ფლობს თბილისში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ატარებს. პოპოვმა სასამართლოს სთხოვა, რომ მისთვის რემონტის დასრულების და საქართველოში ცხოვრების საშუალება მიეცათ.
მოსამართლემ აღნიშნული თხოვნა არ გაითვალისწინა და პოპოვის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. მას საქართველოში შემოსვლა 3 წლის ვადით აეკრძალა.
ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქვეყნის დატოვებამდე პოპოვი 15 დღეს, ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაატარებს.
ცნობისთვის, თბილისში რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი გუშინ დააკავეს. მან ორთაჭალაში, საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 171-ე მუხლებით მოხდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლის ვადით საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.