უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინელ კოლეგას, ალექსანდრ სტუბს რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის წინააღმდეგ ტერორის ახალი ესკალაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია , - ამის შესახებ უკრაინული მედია ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
პრეზიდენტებმა განიხილეს, რამ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინის თავდაცვას, გააძლიეროს F-16-ები და ზოგადად, საჰაერო თავდაცვის სისტემა.
„თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში, ღამიდან მოყოლებული, კიევსა და ჩვენს სხვა ქალაქებსა და რეგიონებში საჰაერო განგაში გრძელდება, მუდმივი საფრთხე რჩება რეაქტიული „შაჰიდებისგან“. ღამით, ასევე, განხორციელდა დარტყმები ბალისტიკური რაკეტებით”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, მანამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქისა და კიევის ოლქის ენერგეტიკული სექტორი იყო.