სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ მიცემული ჩვენება არის უკიდურესი სირცხვილი და ზუსტად ამ ჩვენების დასამალად დაიხურა პროცესი. საგუშაგოს აღმართვა და საოკუპაციო ხაზის მიმართულებით პოლიტიკა 2019 წლის იანვრიდან მუშავდებოდა, იანვარში სუს-მა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დააფიქსირა ასეთი ტიპის მონიშვნები და იქ ოპერატორული დამუშავება, რეკოგნისირება მიდიოდა ამ ტერიტორიის, თუმცა დღეს ვახტანგ გომელაური პირდაპირ ამბობს, რომ 24 აგვისტომდე ეს არ იცოდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მაშინდელი სუს-ის უფროს, ვახტანგ გომელაური ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით იკითხებოდა.
სიჭინავას თქმით, გომელაურისა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ჩვენებები ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება და მათ შორის უამრავი უზუსტობა და ურთიერთგამომრიცხავი დეტალებია.
“ვინაიდან, სხდომა არის დახურული, შემიძლია, მხოლოდ იმ დეტალებთან დაკავშირებით საუბარი, რომელიც ისედაც საჯარო ინფორმაციის სახით აქვს დაფიქსირებული გამოკითხვის ფორმატში ბატონ გომელაურს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ მიცემული ჩვენება არის უკიდურესი სირცხვილი თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, იმ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის უფროსისთვის, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორია უმთავრეს უსაფრთხოების გამოწვევად აქვს ქვეყანაში და სწორედ ვახტანგ გომელაური არის ის პირი, რომლის ჩვენების დასამალადაც დაიხურა სასამართლო პროცესები პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ მიცემული ეს ჩვენება არის უკიდურესი სირცხვილი და ზუსტად ამ ჩვენების დასამალად დაიხურა ეს პროცესი. არცერთ შეკითხვაზე ბატონ გომელაურს პასუხი არ ჰქონდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა როგორ არ შეიძლება იცოდეს ინფორმაცია ქვეყანაში საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე პროცესის შესახებ, როგორ შეიძლება მოხდეს, რომ ექვსი წლის თავზე აღმოაჩინოს, რომ ეს დანაშაულია და როგორ შეიძლება მოხდეს, რომ ამის შემდეგ, რაც ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვა ხდება, აღმოჩნდეს გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის პირობებში მის მინისტრთა კაბინეტში.
გომელაურმა განაცხადა, რომ მან საპოლიციო საგუშაგოს აგების შესახებ შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქ საპოლიციო საგუშაგო აღიმართა. ეს ადამიანი ყველაფერზე ლაპარაკობს და თან არაფერზე ლაპარაკობს, ვერ გაექცა იმ ფაქტს, რომ 2019 წლის იანვრიდან კონკრეტულ ტერიტორიაზე შესაბამისი მონიშვნები არსებობდა.
მის ჩვენებებსა და მამუკა ბახტაძის ჩვენებას შორის არის არსებითი წინააღმდეგობა. ეს არის არადამაჯერებელი, არათანმიმდევრული ინფორმაცია, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია საკუთარ ჩვენებაშივე მიცემული. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით იმას, რომ მამუკა ბახტაძის მიერ მიცემული ჩვენება უფრო სანდოა, ვიდრე ბატონი გომელაურის, რომელმაც ეს ინფორმაცია დამახინჯებული სახით მიაწოდა თავის დროზე გამოძიებას და დღეს არსებითი განხილვის დროს სცადა ამის გამოსწორება, თუმცა ძალიან უნიჭოდ.
ეს არის უკიდურესი სირცხვილი, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დგას ვახტანგ შაქარაშვილის, ნანა კაკაბაძის, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი “ფეიკ” ორგანიზაციის თუ პარტიის დონეზე. ამ სისტემამ ასე დაამცირა დღეს გომელაური, რომ ვახტანგ შაქარაშვილისა და ნანა კაკაბაძის გვერდით დააყენა.
აუცილებლად მოვა დრო, რომ ჩორჩანას საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდება, ხელახლა დაიკითხებიან ეს მოწმეები და ყველა მათგანს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ მისცა ეს ჩვენებები, ყველა მათგანს მოუწევს სისხლის სამართლებრივი პასუხისგება.
ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის პროცესი და საოკუპაციო ხაზის მიმართულებით პოლიტიკა ჩორჩანასთან დაკავშირებით 2019 წლის იანვრიდან მუშავდებოდა, 2019 წლის იანვარში სუს-მა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დააფიქსირა ასეთი ტიპის მონიშვნები და იქ ოპერატორული დამუშავება, რეკოგნისირება მიდიოდა ამ ტერიტორიისა და იქ არსებული პოლიტიკის, თუმცა დღეს ვახტანგ გომელაური პირდაპირ ამბობს, რომ 24 აგვისტომდე არ იცოდა და საოკუპაციო ხაზის წარმომადგენლებისგან ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო ოკუპირებულ ქვეყანაში სუს-ის უფროსმა საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ”, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.