[ვახტანგ გომელაურის] ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სოფელ ჩორჩანაში საგუშაგო გიორგი გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აიგო , - ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებული ყოფილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.
როგორც იაკობიძემ განმარტა, დღეს, სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, ვახტანგ გომელაურის ჩვენებით დადასტურდა, რომ უწყებამ საგუშაგოს აშენების შესახებ ინფორმაცია არ იცოდა და ეს ცხელი ხაზის მეშვეობით გაიგო.
„აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებული არ იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, უფრო მეტიც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ იყო ინფორმირებული საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მთავარი მომლაპარაკებელი არის სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. დღევანდელ სასამართლო პროცესზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არ იყო ინფორმირებული საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით",- განაცხადა იაკობიძემ.
მისივე თქმით, ყოფილი პრემიერის, მამუკა ბახტაძისა და ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ჩვენებას შორის არანაირი ცდომილება არ ყოფილა.
"არავითარი ცდომილება არ ყოფილა, ამ შემთხვევაში მოწმემ კატეგორიულად ისაუბრა 2019 წლის 24 აგვისტომდე განვითარებულ მოვლენებზე, რომ საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია[გახარიასთან]. აღნიშნული ჩვენება დაადასტურა მათ შორის, მამუკა ბახტაძემაც, რომ მასთან [გახარიასთან] არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. რა ცდომილებაზე საუბრობს დაცვის მხარე, ვერ გეტყვით. ორივე მოწმე იყო კატეგორიული, როგორც პრემიერ-მინისტრი 2019 წლის მდგომარეობით - მამუკა ბახტაძე, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ საგუშაგოს აღმართვის შესახებ ინფორმაცია მათ არ გააჩნდათ.
ვახტანგ გომელაურმა სასამართლო პროცესზე გაჟღერებულ ინფორმაციაში ბრძანა, რომ გზის გაყვანის სამუშაოები ავტომატურად საგუშაგოს ჩადგმას არ მიუთითებს. მოწმემ განაცხადა, რომ გზის გაყვანის სამუშაოები ერთჯერადი არ იყო და მრავალჯერადად, სხვადასხვა სივრცეში ხორციელდებოდა, ხშირად, აღნიშნულის მიზანი მოძრავი პატრულის გადაადგილება, ასევე მოსახლეობისთვის გარკვეული კომფორტის შექმნა იყო. ასევე, მოგეხსენებათ, საოკუპაციო ხაზთან მუდმივად პატრულირებს და გადაადგილდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, გზის არსებობა კი მნიშვნელოვანი გარემოება იყო. რაც შეეხება იმას, თუ როდის გაიგო საგუშაგოს აღმართვის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ეს უწყებამ მაშინ გაიგო, როდესაც საგუშაგოს აღმართვა დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სწორედ ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო. ეს ჩვენება თანხვედრაშია კიდევ ერთი მოწმის ჩვენებასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის ჩვენებასთან. მან ასევე დაადასტურა, რომ ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით შეიტყო და როგორც კი შეტყობინება გაკეთდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყო რეაგირება. საგუშაგო აშენებული არ იყო, საგუშაგო იყო პროცესში იმგვარად, რომ მასზე მოწყობილი იყო დროშა და სხვა ატრიბუტები, რაც აღქმას ქმნიდა, რომ საგუშაგო შენდებოდა.
მეორე მოწმე გახლდათ გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ლევან კაკავა. გარკვეული დოკუმენტები არსებობდა, რომელზეც ის ხელს აწერდა. ამ შემთხვევაში საუბარი იყო გზების რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე. ამ დოკუმენტებში არსად იკითხებოდა, რომ გზის გარემონტების მიზანი იყო საგუშაგოს აღმართვა. რადგან ეს დოკუმენტებში არ იკითხებოდა, დავინტერესდით, იქნებ პირადად ჰქონდა [გახარიას] კომუნიკაცია თავის მოადგილესთან, თუმცა, მოწმემ კატეგორიულად გამორიცხა, რომ მან საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით რამე იცოდა“, - განაცხადა იაკობიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.