მამუკა გამყრელიძე - როგორც ჩანს, ადამიანებთან იმ ენაზე არ ვლაპარაკობთ, რაზეც სურთ მოსმენა, “ქართული ოცნება” მარტივად ესაუბრება - ტყუილს უფრო იჯერებენ, ვიდრე იმ მწარე სიმართლეს, რომლის დანახვებასაც ცდილობ

როგორც ჩანს, IRI-ის კვლევები “ფეიკია”, IRI-ის ოფისი დაკეტილია, ლიეტუვის ოფისში, რომელიც ფარავს საქართველოს, არც იქ იციან არაფერი, ამერიკის საელჩო აბსოლუტურად არ არის საქმის კურსში, - ამის შესახებ „ანტი-ანექსიური პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა მამუკა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ კვლევებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად კვლევების გარშემო არსებული ეჭვებისა, ის რეალობასთან ძალიან ახლოს დგას.

გამყრელიძის თქმით, ოპოზიციის დაბალი პროცენტები თავად ოპოზიციის ბრალია, რადგან ამომრჩეველს გასაგები ენით არ ესაუბრება.

„ძალიან გამიკვირდა, ეს რომ გამოქვეყნდა, ვინაიდან ვიცი, რომ IRI-ის ოფისი დაკეტილია. შევეცადეთ, რომ გაგვერკვია და იმ ოფისის ყოფილმა თანამშრომლებმა გვითხრეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. ლიეტუვის ოფისში, რომელიც ფარავს საქართველოს, არც იქ იციან არაფერი, ამერიკის საელჩო აბსოლუტურად არ არის საქმის კურსში. როგორც ჩანს, ეს “ფეიკია”, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმ რეალობასთან, რა რეალობასთანაც ჩვენ გვაქვს საქმე აღქმის დონეზე, თორემ რეალურად კვლევა ცოტა სხვა რაღაც არის. 2028 წლის არჩევნებთან ახლოს რომ მივალთ, განსხვავებული სურათი იქნება.

2027 წელსაც ბევრი რამ გაირკვევა, ბევრი სხვადასხვა არჩევნებია, მათ შორის, ახლა ნოემბერში ამერიკაში, იქ საფრანგეთში, საბერძნეთში და ა.შ. საგარეო რეალობის ცვლილება გარკვეული სახით მოქმედებს ჩვენს საშინაო საქმეებზე და გამოჩნდება, რა იქნება და როგორ იქნება.

თუმცა, ჩემი აღქმით, ეს [კვლევების შედეგი] შორს არ არის იმ რეალობისგან, რა რეალობაშიც ვართ. ეს მხოლოდ საკუთარ თავებს უნდა დავაბრალოთ, ოპოზიციაში ვინც ვართ, რადგან ვერ მოვახერხეთ სიტუაციის ისე შემოტრიალება, რომ ხალხმა სერიოზულად აღიქვას დაპირებები, საუბარი. როგორც ჩანს, ადამიანებთან იმ ენაზე არ ვლაპარაკობთ, რა ენაზეც მათ სურთ მოსმენა.

“ქართული ოცნება” ძალიან მარტივად ესაუბრება. მართალია, ხანდახან ძალიან უხეშ რიტორიკაში გადადის, მაგრამ ხალხი ამას უფრო აღიქვამს. როდესაც ჩვენ რაღაც მაღალ მატერიებზე, დემოკრატიაზე, სასამართლოსა თუ სამართალდამცველი სისტემის ცვლილებებზე ვესაუბრებით, სიღრმეში არ მიდიან. ხალხს აინტერესებს, რა ექნება შენი მოსვლის შემდეგ და როდესაც ამას ვერ უხატავ კარგად, ვერ უყალიბებ, მაშინ უნდა მოიტყუო, უნდა უთხრა, რომ ხუთი მილიონი ექნება ყველა სოფელს. ხომ დაიჯერეს თავის დროზე ეს, მას მერე სჯერათ და ხმას აძლევენ.

როგორც ჩანს, ძალიან უცნაურ რეალობაში ვიმყოფებით - პოლიტიკოსები იტყუებიან, მაგრამ ამ ტყუილს უფრო იჯერებენ, ვიდრე იმ მწარე სიმართლეს, რომლის დანახვებასაც ცდილობ. აი, აქედან უნდა ამოვძვრეთ ერთად, მაგრამ ერთად ამოძრომაც არ უნდათ. შენ უნდა გაისარჯო, ამომიყვანო და მე კარგად უნდა ვიყო - სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი დღევანდელი ცხოვრება. ეს ამომრჩევლის პოლიტიკური გაუნათლებლობის ბრალია და სამწუხაროდ, ვერ მოესწრო ამ პოლიტიკური განათლების მიღება.

ჩვენთან ძალიან რთულად არის სიტუაცია იმიტომ, რომ ჩვენ არ გაგვივლია ის გზა, რომელიც დასავლეთმა გაიარა დემოკრატიისკენ. ძალიან მძიმე, მათ შორის, სისხლიანი გზა გაიარეს, მაგრამ ამას საუკუნეები დასჭირდა”, - განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია