"სტრატეგია აღმაშენებელი" სრულ სოლიდარობას უცხადებს ქალ ფეხბურთელებს და აღფრთოვანებას გამოხატავს მათი პრინციპული, გამბედავი პოზიციისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო, - ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებელი” საფეხბურთო კლუბ “ლანჩხუთის“ ფეხბურთელი გოგოების პროტესტს, რომელიც კლუბ „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელ გოგოსთან დაკავშირებულ შემთხვევას ეხება.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქალი ფეხბურთელების ბრძოლა მოედანზე თუ მის მიღმა არის საერთო ეროვნული ბრძოლის ნაწილი.
“იმ ფონზე, როდესაც სპორტში თუ მის მიღმა ქალები კვლავ აწყდებიან სისტემურ უთანასწორობას, დისკრიმინაციასა და სტერეოტიპებს, ჩვენი ქალი სპორტსმენების ხმა განსაკუთრებულ წონასა და მნიშვნელობას იძენს. მათ დაამტკიცეს, რომ არიან არა მხოლოდ პროფესიონალები მწვანე მინდორზე, არამედ საზოგადოების ღირსეული, ლიდერი წევრები, რომლებიც არ ერიდებიან სიმართლის თქმას და სამართლიანობისთვის ბრძოლას. მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს მაგალითის მიცემისთვის, პრინციპულობისთვის და იმ იმედისთვის, რომელიც მათ საზოგადოებაში მოაქვთ.
მხოლოდ ერთობლივი ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის მოგვიტანს შედეგს. გვჯერა, რომ ძლიერი, თავისუფალი და დაცული ქალი არის ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი. ქალი ფეხბურთელების ბრძოლა მოედანზე თუ მის მიღმა არის საერთო ეროვნული ბრძოლის ნაწილი უკეთესი, სამართლიანი საქართველოსთვის”, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, „ნიკე ლუსოს“ ყოფილი პრეზიდენტი 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის შედეგად, დარბაზიდან გათავისუფლდა. მას გამოძიება კლუბ „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელი გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულს ედავებოდა.
29 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა კლუბ „ნიკე ლუსოსთან“ თამაში ჩაშალეს და სტადიონზე გამოფინეს ბანერი წარწერით „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.
მოგვიანებით კლუბმა „ლანჩხუთმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას ემიჯნებიან და კლუბ „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელ გოგონას სოლიდარობას უცხადებენ. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ კლუბის მფლობელს გოგონების გასახდელში ვიდეო კამერები ჰქონდა დამონტაჟებული.
დღეს კლუბმა „ნიკე ლუსომ“ საპასუხო განცხადება გაავრცელა, სადაც „ლანჩხუთი“ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა და გასახდელში არსებული კამერების შესახებ ფაქტიც უარყო.
„კანონმდებლობიდან გამომდინარე არ გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას მივაწოდოთ და გავასაჯაროოთ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები. მტკიცებულებები, რომელთა გაცნობაც თითოეულ თქვენგანს დაარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მსხვერპლის სტატუსის მქონე და პროტესტში მონაწილე ფეხბურთელების მიერ.
“ნიკე-ლუსოსს’’ ფეხბურთელები ვარჯიშობენ და თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილ ბაზაზე, შესაბამისად ჩვენს კლუბს არ აქვს რაიმე სახის წვდომა ბაზაზე განთავსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთ გასახდელში არასდროს არ განხორციელებულა ვიდეო მონიტორინგი. უფრო მეტიც, ,,ნიკე-ლუსოს’’ სამუშაო ოფისში საერთოდ არ არის განთავსებული გასახდელი სივრცე“, - ვკითხულობთ „ნიკე ლუსოს“ განცხადებაში.