აშშ-ის ტენესის შტატში სიკვდილმისჯილი ქალი ორგანიზმში სასიკვდილო ინექციის შეყვანის შემდეგ გადარჩა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ტენესის შტატში სიკვდილით დასჯის პროცედურის დროს 50 წლის კრისტა პაიკს პენტობარბიტალის ორი ინექცია გაუკეთეს, თუმცა მსჯავრდებული გადარჩა და ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პაიკის ადვოკატების განცხადებით, ინექციის გაკეთების შემდეგ 40 წუთის განმავლობაში მსჯავრდებული კვლავ სუნთქავდა.
ადვოკატებმა სასამართლოს სიკვდილით დასჯის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს და აღნიშნეს, რომ პროცედურამ მათი დაცვის ქვეშ მყოფის „გაუმართლებელი აგონია“ გამოიწვია, რაც მისი უფლების დარღვევას წარმოადგენს.
კრისტა პაიკს სიკვდილით დასჯა 1995 წელს 19 წლის კოლინ სლემერის წამებისთვის და მკვლელობისთვის აქვს მისჯილი. დანაშაულის ჩადენისას პაიკი 18 წლის იყო. საქმეს აშშ-ში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ იმ დროს გავრცელებული ე.წ. „სატანისტური პანიკის“ ფონზე გარდაცვლილის სხეულზე პენტაგრამა იყო ამოკვეთილი.
სიკვდილით დასჯის აღსრულების შემთხვევაში, პაიკი ბოლო 200 წლის განმავლობაში პირველი ქალი გახდება, რომელსაც ტენესის შტატში სიკვდილით დასჯიან.