საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრების „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ გამართული 24-საათიან საპროტესტო აქცია დასრულდა. მათი მთავარი მოთხოვნა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერის დათმობა და ხელმძღვანელობასთან შეხვედრა იყო, რაც არ დაკმაყოფილებულა.
როგორც საპროტესტო აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნები არა თუ არ დაკმაყოფილდა, არამედ აქციის შესახებ “მათ საინფორმაციო გამოშვებაში ამ ყველაფერზე ერთი წინადადებაც არ თქმულა”.
„ჩვენი 24 -საათიანი საპროტესტო აქტი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან” შედგა. უმოქმედობისა და იგნორირების პოლიტიკის გამო, ეს დღე-ღამე “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელობას შავ ლაქად დარჩება. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერს, ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და სამეურვეო საბჭოს რეაგირებას მოვითხოვდით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ 24- საათის განმავლობაში ჩვენ მოთხოვნებზე არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა, მეტიც მათ საინფორმაციო გამოშვებაში ამ ყველაფერზე ერთი წინადადებაც არ თქმულა. 24- საათიანი აქციის დასრულება ჩვენი ბრძოლის დასრულებას არ ნიშნავს, თუმცა ახლა ჯერი საზოგადოებაზეა. მივმართავთ თითოეულ ადამიანს, რომელსაც სამართლიანობა, საკუთარი უფლებები და ქვეყნის მომავალი აინტერესებს. თუ ჩვენი ხმა არ ისმის იქ სადაც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერი უნდა იყოს ღია, მაშინ, საჭიროა ეს ხმა ყველამ ერთად გავაგონოთ. ჩვენი ოჯახის წევრები ჩვენი შვილებისა და ახლობლებისთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ, მაგრამ ამ ბრძოლაში საზოგადოების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ 24- საათის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა, გვესტუმრა, გვამხნევებდა ან ჩვენი ხმა გაავრცელა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ახლა კი ჯერი საზოგადოებაზეა”, - განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.