რომელი მასშტაბური აქცია გაუკეთებია „ნაციონალურ მოძრაობას“?! ესეც იქნება მათი განწირული კრახის დღე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ რიყის პარკში დღეს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 წლისთავს უკავშირდება.
მისი თქმით, არის სხვა ადგილები, სადაც მათ აქციის გამართვა შეუძლიათ, „მაგრამ ზოგადად ორგანიზაცია არის პროვოკაციული და პროვოკაციის გარეშე ვერ ძლებენ“.
„ეს არის პროვოკაციული ორგანიზაცია და ცდილობენ, იქ გამართონ აქცია, სადაც აკრძალულია. არის სხვა ადგილები, სადაც მათ შეუძლიათ აქციის გამართვა, მაგრამ ზოგადად ორგანიზაცია არის პროვოკაციული და პროვოკაციის გარეშე ვერ ძლებენ. აბსოლუტურად ყველა, კანონის სიზუსტით, იქნება დასჯილი, ვინც ამ პროვოკაციას წამოეგება. რა მასშტაბის იქნება, ყველამ კარგად დაინახავს. რა მასშტაბის უნდა იყოს?! საერთოდ, რა გაუკეთებიათ აქამდე, რომელი მასშტაბური აქცია გაუკეთებია „ნაციონალურ მოძრაობას“?! ესეც იქნება განწირული მათი კრახის დღე“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის, ირაკლი ფავლენიშვილის, ინფორმაციით, რიყის პარკში 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილი აქციის ჩატარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უარი მიიღეს, თუმცა ამის მიუხედავად, 1-ელ ოქტომბერს, 17:00 საათზე, რიყის დოქებთან მაინც შეიკრიბებიან.