შუა დერეფანი რეალობად იქცა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის მიმართულების ხელმძღვანელმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, შომიკ მენდრატმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს შუა დერეფნის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშს წარვადგენთ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე ეს დერეფანი, რომელიც ადრე ამბიცია იყო, რეალობად იქცა“, - განაცხადა შომიკ მენდრატმა.
მისი თქმით, შუა დერეფანი რეგიონის მიწოდების ჯაჭვების უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს.
„ანგარიშში აღნიშნულია, რომ დერეფნის მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი უკვე შენდება და ექსპლუატაციაში მომდევნო ოთხ-ხუთ წელიწადში შევა, რაც დერეფნის ზრდას ხელს შეუწყობს. შემდეგი ეტაპია ის, თუ როგორ გადავიდეთ შესაძლებლობებიდან შედეგებზე. ამ დერეფანს იმის პოტენციალი აქვს, რომ კონკურენტუნარიანი იყოს აღმოსავლეთიდან ევროპის მიმართულებით ტვირთების გადატანისას. ამის მისაღწევად რეგიონის ყველა ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობაა საჭირო“, - აღნიშნა მენდრატმა.