ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად 1-ელ ოქტომბერს აღინიშნება, კიდევ ერთი შესაძლებლობაა ხანდაზმულთა უფლებების, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეტანილი წვლილისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვას ამ საკითხების მნიშვნელობას, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს დღე, სახელმწიფოს აძლევს საშუალებას, შეაფასოს არსებული გამოწვევები და გააძლიეროს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული პოლიტიკა და მოქმედი მექანიზმები.
„2026 წლის ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის თემაა „ხანგრძლივი სიცოცხლის ხანა: ხანგრძლივი სიცოცხლისთვის სისტემების გადააზრება“. ეს საკითხი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას თან უნდა ახლდეს სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისი განვითარება, რათა ადამიანებს მიეცეთ ღირსეული დაბერების შესაძლებლობა.
სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხანდაზმულთა ხანგრძლივი ზრუნვის სისტემის მონიტორინგს - არსებული გამოწვევების თაობაზე პერიოდულად ამზადებს სპეციალურ ანგარიშებს და გასცემს რეკომენდაციებს. ანგარიშებში ხშირადაა აღნიშნული, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვა უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ მათ სამედიცინო, არამედ ასევე, ინდივიდუალურ საჭიროებებს, ავტონომიას, ღირსებასა და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობას. ამასთან, სახალხო დამცველი სისტემატურად ახორციელებს ხანგრძლივი ზრუნვის, მათ შორის, კერძო დაწესებულებებში ხანდაზმულთა უფლებების დაცვის შემოწმებას. სწორედ ამ კუთხით ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა კერძო ხანდაზმულთა სახლებში უფლებების დაცვაზე მუდმივი ადმინისტრაციული მონიტორინგისა და ეფექტიანი ზედამხედველობის არარსებობა, რაც დაუცველ მდგომარეობაში ტოვებს ხანდაზმულ პირებს. ამ პრობლემის დასტურია პერიოდულად სხვადასხვა მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული სიუჟეტები თუ ინფორმაცია, რა დროსაც საუბარია სხვადასხვა კერძო ხანდაზმულთა სახლებში არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახალხო დამცველის მიერ კერძო დაწესებულებებთან მიმართებით გამოვლენილი სისტემური გამოწვევების გათვალისწინებისა და მათზე შესაბამისი რეაგირების აუცილებლობას.
სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ასეთი დაწესებულებების მონიტორინგს და შედეგებს შესაბამის ანგარიშებში ასახავს, თუმცა სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს, გადახედოს არსებულ პოლიტიკასა და სამართლებრივ მოწესრიგებას და უზრუნველყოს ისეთი ნორმატიული და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა, რომლებიც ეფექტიანად დაიცავს ხანდაზმულთა უფლებებს და უზრუნველყოფს მათ ღირსეულ, უსაფრთხო, დამოუკიდებელ ცხოვრებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.