14 წლის შემდეგ, ჩვენი თვალით დანახული 1-ელი ოქტომბერი გამოიყურება ისე სამწუხაროდ, როგორც იყო 14 წლის უკან, - ამის შესახებ ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა, რითაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის 14 წლისთავს გამოეხმაურა.
მისი თქმით, რისთვისაც ხალხმა მათ ხმა მისცა, ძალადობის წინააღმდეგ, განსხვავებული აზრის დახშობის წინააღმდეგ და ა.შ. იგივეს გაკეთება დაიწყო დღეს „ქართულმა ოცნებამ“.
„14 წლის შემდეგ, ჩვენი თვალით დანახული 1-ელი ოქტომბერი გამოიყურება ისე სამწუხაროდ, როგორც იყო 14 წლის უკან. 14 წლისთავზე ვინ იფიქრებდა, რომ ქართული საპატიმროები ისევ ისე იქნებოდა გადავსებული პოლიტიკური პატიმრებით, როგორც ეს იყო 2012 წელს. 14 წლის წინ, როდესაც ქართველი ხალხი დაუდგა და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ განსხვავებული აზრის გამო პატიმრების აკრძალავდნენ და ახალგაზრდებს დაიჭერდნენ.
14 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა იმას, რომ მაშინ, როდესაც ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ქართული მიწის დაცვა, დღეს არათუ იცავენ ქართულ მიწებს, არამედ ყიდიან არაბებზე. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 14 წლის შემდეგ „ქართული ოცნება“ დაემსგავსებოდა კორუმპირებული მექრთამეების პარტიას, რომელთანაც საუბრის სურვილი ჩვენს პარტნიორებს არ ექნებოდათ. სამწუხაროდ, იმედები ვერ გაამართლეს და სულ სხვა მოცემულობა მივიღეთ, ის მოცემულობა, რისთვისაც ხალხმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, ძალადობის წინააღმდეგ, განსხვავებული აზრის დახშობის წინააღმდეგ და ა.შ. იგივეს გაკეთება დაიწყო დღეს „ოცნებამ“.
ზუსტად ხუთი წლის წინ, პირველ ოქტომბერს, ირაკლი ღარიბაშვილი იყო ლილუაშვილთან ერთად, როდესაც გამობრძანდნენ და საქართველოს მიულოცეს ცხრა წლის ბედნიერებით ცხოვრება, ბიძინაობა და სააკაშვილის დაპატიმრება. დღეს თავად სხედან ციხეში და საინტერესოა, რა აზრზე არიან, ისევ ისე ფიქრობენ, როგორც მაშინ?!“ - განაცხადა კერესელიძემ.