2032 წლამდე სახელმწიფო აპირებს დაახლოებით, 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას იმისათვის, რომ განვითარდეს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ შუა დერეფანთან დაკავშირებით მომზადებული კვლევის მიხედვით, 2040 წლისთვის შუა დერეფანში მოსალოდნელია ტვირთბრუნვის 4-ჯერ ზრდა.
„ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო კვლევა შეიმუშავა მსოფლიო ბანკმა. ჩვენ შეკრებილები ვართ იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, თუ რა შესაძლებლობები აქვს ზოგადად შუა დერეფანს. აღნიშნული კვლევა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შუა დერეფანი არის მზარდი და შესაბამისად, აქვს ძალიან დიდი ეკონომიკური შესაძლებლობები.
კვლევის მიხედვით, 2040 წლისთვის მოსალოდნელია ტვირთბრუნვის 4-ჯერ ზრდა, ასევე ტვირთის გადაზიდვის დროის დაახლოებით, ორი მესამედით შემცირება. ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკურად განვითარდნენ შუა დერეფნის მასპინძელი ქვეყნები. მშპ-ის ზრდასთან დაკავშირებით კვლევა ამბობს, რომ იგი დაახლოებით 3.3%-ით გაიზრდება, საქართველოს შემთხვევაში კი ეს 3.6%-ს მიაღწევს.
აქვე მნიშვნელოვანია დასაქმების მაჩვენებელი. ამ კუთხით კვლევაში აღნიშნულია, რომ შეიქმნება დაახლოებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი, რაც, რა თქმა უნდა, დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ისე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. საქართველო აღნიშნულ მიმართულებას მზად ხვდება. 2025 წლის ბოლოს ჩვენ შევიმუშავეთ ტრანსპორტის განვითარების 10-წლიანი გეგმა და ხედვა. შესაბამისად, როგორც მოგეხსენებათ, 2032 წლამდე სახელმწიფო აპირებს დაახლოებით 7 მილიარდი დოლარის მობილიზებას იმისათვის, რომ განვითარდეს ძირითადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.
აქვე გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობას და იმას, თუ როგორ ვითარდება აღნიშნული პროექტი. როგორც იცით, ჩვენ გადავედით „ლენდლორდის“ მოდელზე, რაც გვაძლევს რისკების დაბალანსების საშუალებას. შესაბამისად, მოვიზიდავთ ოპერატორებს, რომლებსაც ექნებათ შესაბამისი გამოცდილება. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა სისტემამ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან იმისათვის, რომ აღნიშნული სისტემა და შუა დერეფანი გახდეს კონკურენტუნარიანი, სწრაფი, სანდო და ეფექტიანი.
ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და შუა დერეფანში ჩართულ ყველა მხარესთან სინქრონში ვართ იმ ინვესტიციებთან მიმართებით, რასაც ვახორციელებთ გამტარუნარიანობის გაზრდისა და მომხმარებლისთვის სანდო მარშრუტის შეთავაზების მიზნით”, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.