პარადოქსია, რიყის პარკი არის სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შექმნილი, მშვიდობის ხიდი და იქ ინფრასტრუქტურა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს შეიქმნა და სიმბოლურია, იქ რომ ვიკრიბებით - რიყის დოქები ჯართში ჩააბარეს ისევე, როგორც ფაქტობრივად მთელი ქვეყანა - არ ვკეტავთ გზას, არ ვაფერხებთ მოძრაობას და არ ვიკრიბებით სტრატეგიულ ობიექტთან, შესაბამისად, ვიყენებთ კონსტიტუციურ შესაძლებლობას,- ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მისივე პარტიის მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შსს-ს ხალხის შეკრების ეშინია.
„5 წელი გავიდა იმ პოლიტიკური ანგარიშსწორებიდან, რომელიც პუტინმა მოაწყო ბიძინა ივანიშვილის ხელით. სააკაშვილის პატიმრობა არა მარტო ისტორიული სირცხვილი, არამედ ისტორიული კატასტროფაა. ქვეყანა, რომელიც დემოკრატიის შუქურა იყო, ახლა არის იზოლაციაში და განიხილება ისეთი რეჟიმების გვერდით, როგორიც არის მადუროს რეჟიმი და კოლუმბიის სახელმწიფო. ეს არის მძიმე მოვლენა ჩვენი მოქალაქეებისთვის.
რაც შეეხება შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვას, ეს არის კანონის მოთხოვნა და არა „ქართული ოცნების“ კეთილი ნება. ეს კონსტიტუციური პარადიგმაა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. არ ვკეტავთ გზას, არ ვაფერხებთ მოძრაობას და არ ვიკრიბებით სტრატეგიულ ობიექტთან. შესაბამისად, ვიყენებთ კონსტიტუციურ შესაძლებლობას.
შსს-ის მიზეზი გასაზიარებელი არ არის. ეს მათი მხრიდან არის შიში. ეშინიათ ხალხის შეკრების. ჩვენ ვიკრიბებით იმ პარკში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეიქმნა. იქ შევარდნაძის დროს დუქნები და რესტორნები იყო, რაც შეურაცხყოფა იყო დედაქალაქისთვის. ახლა იქ არის ერთ-ერთი საუკეთესო პარკი, მშვიდობის ხიდი და იყო რიყის დოქები, რომლებიც თანამედროვე არქიტექტურა იყო. ეს ნაგებობა თბილისელებს ეკუთვნოდათ, რომელიც გაყიდეს და ჯართად ჩააბარეს. სიმბოლურია იქ შეკრება. ჩვენი მიზანი არ არის, თბილისობის აღნიშვნას შევუშალოთ ხელი. ასეთ რამეს არცერთი ჩვენი კეთილსინდისიერი აქტივისტი და მხარდამჭერი არ გააკეთებს.
ჩვენი ამოცანაა, კიდევ ერთხელ შევახსენოთ არა მარტო ქართულ საზოგადოებას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას, რომლის მხრიდანაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არის აღიარებული, Amnesty International-მა დაწერა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები არის ვენდეტა და პოლიტიკური ანგარიშსწორება. ფაქტობრივად, ყველა საერთაშორისო რეზოლუცია ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. მათ შორის, დააგვიანა, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ სამართლებრივად შეისწავლა საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს შეუფარდეს სასჯელი. ეს ბრალი კრემლის მითითებით შეკერა ოთარ ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის ჯაშუში კი არ აღმოჩნდა, არამედ რუსული გვარი „რომანოვი“ მიიღო და მებრძოლებს აგროვებს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ჩვენ აუცილებლად წინ უნდა გავიხედოთ და უნდა შევაფასოთ მძიმე მოვლენა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. ვგულისხმობ იმას, რომ სააკაშვილის პატიმრობის შემდეგ დრამატული უკუსვლაა ქვეყანაში და ეს პატიმრობა ხელს არავის უწყობს. თუ ჩვენ დემოკრატიულ ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. ეს იქნება პოლიტიკური გზავნილი არა მარტო „ქართული ოცნების“ ბანდიტების მიმართ, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. საჭიროა კონკრეტული რეზოლუციების აღსრულება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ლაშა ფარულავას შეფასებით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ, შსს თავად დაარღვევს კანონს.
„პოლიცია თუ არ მოგვცემს აქციის ჩატარების უფლებას, პოლიცია თავად დაარღვევს კანონს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება, რადგან ჩვენს მხარეს სიმართლეა. ამ უსამართლობაზე უკვე ორჯერ პრემიერი, შს და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც საუბრობს და გასაგები და მკაფიოა. ჩვენ წარსულში ყურებას აღარ ვაპირებთ, ჩვენ მომავალზე ვსაუბრობთ, სააკაშვილის გათავისუფლებაზე და იმაზე, თუ ეს რას მოუტანს ქვეყანასა და საზოგადოებას.
იმ კვლევითაც მიხეილ სააკაშვილი მთავარი ოპონენტია „ქართული ოცნების“ და როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური განვითარება, როცა მთავარი ოპონენტი 5 წელია ივანიშვილის ანგარიშსწორების მსხვერპლია და პატიმრობაშია? მანამდე კი ქვეყნიდან იყო გაძევებული და კითხულობდნენ, რატომ შემოიპარაო. არ შემოუშვებდნენ და იმიტომ, ამიტომ სხვა გზა და ფორმა მას არ ჰქონდა. მას ქაოსი რომ სდომოდა, რა გგონიათ, მისი მხარდამჭერები იქ არ გაჩნდებოდნენ? მარტო დადიოდა“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 14-წლისთავს, ლაშა ფარულავას თქმით, ქვეყანაში რაც „ყვავის“ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ტრანსნაციონალური დანაშაულებია.
„ყველაზე მტკივნეული საკითხი არის ოკუპაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპაციას უპირისპირებდა ძლიერი სახელმწიფოს შექმნასა და საერთაშორისო მხარდაჭერას. საქართველო დემოკრატიის შუქურად იყო აღიარებული და ეკონომიკური ზრდა ნაწილდებოდა ყველაზე. ივანიშვილის პირობებში კი ოკუპაციას ბოდიშს უპირისპირებენ.
ბაღებში საკვები გაფუჭებულია, „ქართული ოცნება“ პატარებს ულუფას ჰპარავდა. სიცილის გამო ადამიანებს კლავენ, სკოლებს ანგრევენ და არაფერს აშენებენ, სკოლების ასაშენებელი ფული ქრება და მათ სახლებში ოქროს ზოდებად გარდაიქმნება. ქვეყანა ყველა მიმართულებით იზოლაციაშია.
ერთადერთი რაც ყვავის, ეს ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულია. ლილუაშვილზე ხომ ვამბობდით მფარველობსო? ახლა „ოცნებაც“ ამას ამბობს, მაგრამ ეს „ქოლ ცენტრები“ არათუ არ დახურულა, არამედ ახალი სიმძლავრით ამოიქოქა. ჟურნალისტური გამოძიებები ვიხილეთ, სადაც საუბარია ბერაზე, გარჩევაზე და „ტყუპებზე“, რომ მათთან დაპირისპირება მოსვლია და შემდეგ ამ ადამიანმა ისინი ციხეში გაუშვა. ახლა ვატო ყიფიანი ქუჩის დამლაგებლად განიხილება. საუბარია ათიათასობით ახალგაზრდაზე, რომლებიც ხაფანგში შეიყვანეს. როგორ შეიძლება კრიმინალები ქუჩას ალაგებდნენ? მაშინ პოლიცია რას შვრება? ამ ტრანსნაციონალურ კრიმინალს მფარველობს. ქვეყანა ნარკოვაჭრობის ჰაბად იქცა. კრიპტოპლატფორმები გამოიყენება იმისათვის, რომ აქედან ირანში ტერორისტული საქმიანობა დაფინანსდეს.
ასევე, ძალიან მძიმე დინამიკას ვხედავთ შობადობასთან დაკავშირებით, დემოგრაფიული კატასტროფა ხდება. ქვეყანა იცლება და რუსები ანაცვლებენ. პრემიერი გვეუბნება, რომ თუ რუსს მტერს და ოკუპანტს დაუძახებ, თურმე ეს რუსოფობიაა. ამ დროს კი რუსი ქორწილს აშარდავს, ირანის ელჩი გამოდის და ქეთევან წამებულზე გვეუბნება, რომ თურმე [ისტორია] უნდა გადაიხედოს. ამ დროს ვხედავთ, რომ ჩვენს სიწმინდეებზე მეზობელ ქვეყანაში, ისტორიულ საქართველოში, თურმე ეს ქართველების არ ყოფილა, გათხარეს და რა ხდება, არავინ იცის. ამის დაცვა არა საგარეო საქმეთა სამინისტროსი, არამედ თურმე საპატრიარქოს დაცვა ყოფილა. ამაზე სამართლიანად გაბრაზდა აზერბაიჯანი, რადგან ივანიშვილმა აზერბაიჯანთან დაალაგა საკუთარი კორუფციული ინტერესები. სად არიან ის მართლმადიდებლობის დამცველები, ჩვენი ღირსება რომ უნდა დაეცვათ? ეს არის ჩვენი ღირსება?
ირანის ელჩი წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს, უნდა ვაძევებდეთ ასეთ ელჩს ქვეყნიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და ალბათ, ბოდიშები იქეთ უხადეს. ასევე ვხედავთ, რომ ჩვენს ეკლესიას, რომელსაც აქვს უდიდესი როლი ჩვენს დამოუკიდებლობაში, ჩვენს იდენტობაში, თავს ესხმიან. თურმე ჩვენ გვქონია რაღაც ტერიტორიული პრეტენზიები, არავისთან არ გვაქვს პრეტენზიები. პრეტენზიები გვაქვს ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.