სოფიო ხორგუანი - ისეთი რა გააკეთა ან პარლამენტის თავმჯდომარემ ან პრეზიდენტმა ან ე.წ. პრემიერმა, რომ ხელფასი უნდა გავუზარდოთ? რა დამსახურებისთვის? - „ოცნების“ ყველაზე მძიმე დანაშაული ისაა, რომ მოქალაქეებს იმედი გაუცრუეს

ისეთი რა გააკეთა ამ ერთი წლის განმავლობაში ან პარლამენტის თავმჯდომარემ ან პრეზიდენტმა ან ე.წ. პრემიერმა, რომ ხელფასი უნდა გავუზარდოთ? - ჩემთვის ყველაზე მძიმეა, როდესაც ვითომ ეროვნულები, ვითომ ქრისტიანები და საქართველოს ვითომ გულშემატკივრები ანადგურებენ და აჩანაგებენ საქართველოს. ასე რომ ჩააფურთხეს სულში ქართველ ხალხს, პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

სოფო ხორგუანმა გადაცემაში ისაუბრა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტზე, რომელიც პარლამენტში გუშინ შევიდა. სოფო ხორგუანის თქმით, საჯარო სამსახურში მინიმალური ხელფასის ზრდას მათი პარტიაც ითხოვდა, თუმცა მთავარი პრობლემა არის ის, რომ „არც ვეტერანებისთვის, არც დევნილებისა და არც პენსიონერებისთვის „ქართულ ოცნებას“ თანხა არ ემეტება“.

„ის, რასაც ახლა ვუყურებთ, რომ თურმე მხოლოდ 20 ლარით უნდა გაიზარდოს პენსია, საკუთარი მოქალაქეების დაცინვაა. ყველა დეტალზე ჩვენ კონკრეტული შეფასება გვექნება, როცა ფინანსთა მინისტრი ჩვენთან ფრაქციაზე მოვა და პასუხს გაგვცემს, მაგრამ ეს დამოკიდებულება პენსიონერებისადმი, სადაც პირდაპირ გეუბნება, რომ „შენ ვერ გხედავ, არ მაინტერესებ და 20 ლარით გიზრდი ხელფასს“ [მიუღებელია]. 370 ლარად როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა?!

რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა, რა პასუხები ექნება ფინანსთა მინისტრს, როდესაც ახალი მანქანებისთვის, ახალი კაბინეტებისთვის, ახალი სკამებისთვის, ავეჯისთვის თანხები ყოველთვის მოიძებნება. მათთვის ხომ მოიძებნება თანხები? თურმე, პრემიერს უნდა გაეზარდოს ხელფასი. რატომ, რას აკეთებს განსაკუთრებულს პრემიერი? პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა გაეზარდოთ ხელფასი, რატომ, რა განსაკუთრებულს აკეთებენ ისეთს, რომ ხელფასი უნდა გაეზარდოთ? რა დამსახურებისთვის, შეგიძლიათ მითხრათ? ისეთი, რა გააკეთა ამ ერთი წლის განმავლობაში ან პარლამენტის თავმჯდომარემ ან პრეზიდენტმა ან ე.წ. პრემიერმა, რომ ხელფასი უნდა გავუზარდოთ, შეგიძლიათ მითხრათ? რომელი პარამეტრით იმსახურებენ ამას? მე მოვითხოვ თქვენთვის ჯილდოს დამატებას, თუ დავინახავ, რომ მართლა საქმეს აკეთებთ. რა დააშავა ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ ამგვარი უტიფრობის, განუკითხაობის და უსამართლობის ასეთი მასშტაბები საკუთარ თავზე ყოველ დღე იწვნიოს, რა დავაშავეთ? ის, რომ ერთხელ, ორჯერ გაპატიე, დავითმინე, ვთქვი, კი, შეცდომებს უშვებ, მაგრამ იქნებ, პირდაპირ მიდიხარ - რა დავაშავეთ, რა დააშავეს იმ პენსიონერებმა? ის, რომ საქართველოში დაიბადნენ და არ უნდათ ქვეყნიდან წასვლა? ეს არის ჩემთვის ყველაზე მძიმე რამ, როდესაც ის ადამიანები, ვითომ ეროვნულები, ვითომ ქრისტიანები და საქართველოს ვითომ გულშემატკივრები ანადგურებენ და აჩანაგებენ საქართველოს. იმედი ხომ გაუცრუეს ხალხს, აი, ამაზე მოუწევთ პასუხისგება, ასე რომ ჩააფურთხეს სულში ქართველ ხალხს, ამაზე აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება !“ - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

გარდა ამისა, დეპუტატმა შეაფასა “ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წლიანი პერიოდი. მისი თქმით, ერთ-ერთი მძიმე დანაშაული, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, არის ის, რომ იმედი გაუცრუა ხალხს.

„მეც მათ შორის ვარ, ვინც 2012 წელს ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ არა იმიტომ, რომ გადავირიე ისე მომეწონა სია, რომელიც წარმოადგინეს, არამედ იმიტომ, რომ ის, რაც მანამდე იყო, ძალადობრივი და უსამართლო სისტემა, უნდა შეცვლილიყო. ამაში დარწმუნებული ვარ და იგივეს გავაკეთებდი იმიტომ, რომ ის, რაც იყო, უნდა დასრულებულიყო.

ბოლო წლების განმავლობაში, სადაც მივედით, არის დანაშაული ქართველი ხალხის წინაშე არამხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, არამედ ერთ-ერთი მძიმე დანაშაული, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს არის ის, რომ იმედი გაუცრუეს მოქალაქეებს. არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია ჩაიდინოს იმაზე უფრო მძიმე რამ, ვიდრე მოქალაქეების იმედის გაცრუებაა. ის, რასაც დღეს ვიმკით, რომ ხალხს აღარ აქვს ნდობა პოლიტიკისადმი, სწორედ ამ ადამიანების პირდაპირი ბრალეულობა და დანაშაულია“, - განაცხადა სოფო ხორგუანმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დაივიწყა მათ შორის დაპირება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ადამიანი გახდებოდა, საბოლოო ჯამში, კი ქვეყანამ მიიღო „კლანური მმართველობა“, რომლის მთავარი ინტერესი პირადი გამდიდრებაა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასრულდება თუ არა, ეს არის დროის საკითხი, იმიტომ, რომ ნებისმიერი ტირანია, ავტოკრატია, დიქტატურა, საბოლოო ჯამში, სრულდება და სრულდება კრახით იმისთვის, ვინც ამის შემოქმედია. ამას სჭირდება დრო და საბოლოო ჯამში, ხალხის იმ ზღვრის გადაკვეთა, როდესაც შენ უკვე ხვდები, რომ ამ ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა პირდაპირ საფრთხის მატარებელია შენთვის, გინდა შენ სამშობლოში იცხოვრო და აქ გადარჩე“, - განაცხადა სოფო ხორგუანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია