საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი “რუსეთის სანქციების რეჟიმის” ფარგლებში, სანქციას უწესებს 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას.
მათივე ცნობით, სანქცირებულთა შორის არის სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: კერძოდ, მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი.
ამასთან, აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით.
„დღეს, დიდი ბრიტანეთი, “რუსეთის სანქციების რეჟიმის” ფარგლებში, სანქციას უწესებს 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. სანქცირებულთა შორის არის სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი.
რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატება. მათ შორისაა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - ოკუპაციის გაგრძელება.
დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით.
დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტია, ალან გაგლოევი კი ოკუპირებული ცხინვალის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი. რაც შეეხება სერგეი ტოლმაჩოვს, ის არის რუსი პოლიტტექნოლოგი. მედიის ინფორმაციით, სერგეი ტოლმაჩოვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ბადრა გუნბას საარჩევნო კამპანიის მართვაში იყო ჩართული.