პროკურორის განმარტებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საფუძველი მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების შემცირება გახდა

პროკურორ ანა ლეკიაშვილის განმარტებით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ლევან ახობაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საფუძველი მისი მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების შემცირება გახდა.

როგორც პროკურორი აცხადებს, ლევან ახობაძემ ასევე, საქმეში არსებული გარემოებები დაადასტურა.

„სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დაადასტურა საქმეში არსებული გარემოებები, ასევე დაცვის მხარემ მტკიცებულებათა უმეტესობა უდავოდ ცნო. როგორც მოგეხსენებათ, აღკვეთის ღონისძიების საფუძველს წარმოადგენს მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. მოცემულ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ეს იყო. შესაბამისად, საპროცესო კანონმდებლობა მოითხოვს, როცა გარკვეული ახალი გარემოებები არსებობს და ახალ გარემოებად შეიძლება ამ საფრთხეების შემცირება ჩაითვალოს, ამ შემთხვევაში, ეს იყო მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის შემცირება და განეიტრალება, არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი. დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ლევან ახობაძეს შესცვლოდა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი, 500 000 ლარის ოდენობით და მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გარკვეულწილად შემცირდა საფრთხეები, რაც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე განისაზღვრა და რაც აღკვეთის ღონისძიებას უდევს საფუძვლად, შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი.

გარკვეული გარემოებები დაადასტურა, სხვა დეტალებთან მიმართებით ვერ დავკონკრეტდები",- განაცხადა ლეკიაშვილმა.

რამდენიმე წუთის წინ, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000 -ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია